მიმდინარე წლის 3 ივნისიდან, ქუვეითური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Jazeera Airways-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები ელ ქუვეითი-თბილისი-ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • ელ ქუვეითი-თბილისი-ელ ქუვეითი, 3 ივნისიდან ყოველ ხუთშაბათს;
  • 12 ივნისიდან კვირაში 2 სიხშირით — ყოველ ხუთშაბათს და შაბათს.

ამასთან, ავიაკომპანიის ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (29 ოქტომბრამდე), ზემოთ აღნიშნული მიმართულებით ოპერირების სიხშირე ეტაპობრივად გაიზრდება და ფრენები კვირაში ოთხი სიხშირით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა სანავიგაციო სეზონის დასაწყისში მიენიჭა. Jazeera Airways -მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება 2018 წელს დაიწყო.