პირველი ივნისი სხვა მნიშვნელოვან თარიღთან ერთად თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კულინარიული ადგილის — კაფე მზიურის დაბადების დღეცაა.

წელს ამ გემრიელი კერძების ობიექტისა და ამავდროულად სოციალური საწარმოს გახსნიდან ხუთი წელი გავიდა და ამასთან დაკავშირებით The Beatles-ის ყოფილმა წევრმა, პოლ მაკარტნიმ თავის პირად გვერდზე მოლოცვის ტექსტი გამოაქვეყნა.

"ვულოცავ მზიურის კაფეს წარმატებულ ხუთი წლისთავს. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს თქვენი მხარდაჭერა კამპანიისთვის "უხორცო ორშაბათი". შემდეგი ხუთი წელი კიდევ უკეთესი იყოს!" — წერს მომღერალი.

"დაჯერებაც კი გვიჭირს, ჩვენი ბედნიერების! დიახ, სასწაულები არსებობს და ოცნებები ნამდვილად ხდება! დღეს ჩვენი კაფისთვის ის საოცარი დღეა, რომელსაც დიდი ხანი ველოდი და ეს მოლოდინი საერთო იყო ჩვენი გუნდის ყველა წევრისა თუ სტუმრისთვის", — წერს კაფე მზიური ფეისბუქზე.

"უხორცო ორშაბათი" (Meat Free Monday) საერთაშორისო კამპანიაა, რომელიც მთელ მსოფლიოში ხორცის მოხმარების შემცირებას, შედეგად კი როგორც ადამიანების ჯანმრთელობის, ისე პლანეტის გაფრთხილებას ისახავს მიზნად.

პოლ მაკარტნი 1975 წლიდან ვეგეტარიანელია და აქტიურად უჭერს მხარს ისეთ კამპანიებსა თუ მოძრაობებს, რომლებიც ცხოველების უფლებებსა და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას უკავშირდება.

კაფე მზიური, რომელიც მზიურის პარკში მდებარეობს, სხვა სოციალურ აქტივობებთან ერთად, ასევე "უხორცო ორშაბათის" მხარდამჭერია. თუმცა პოლ მაკარტთან მისი გადაკვეთის ერთადერთი მიზეზი ალბათ მხოლოდ ეს არაა — მზიურის კაფეს დამაარსებელი ანა გოგუაძე, რომელიც ბითლზის ყოფილი წევრის დიდი გულშემატკივარია, წლებია, რაც ფეისბუქიდან მაკარტნის საკუთარ კაფეში ეპატიჟება.