საქართველოს პატრიოტთა ალიანსის სიით არჩეულმა დეპუტატებმა - საქართველოს პარლამენტში ნატო ჩხეიძემ და აჭარის უმაღლეს საბჭოში ზაზა ოქუაშვილმა ტელეკომპანია იბერიას საკუთარი წილები შვილებს რატი და გიორგი ოქუაშვილებს აჩუქეს. კომპანიის წილების გასხვისების დოკუმენტები 16 და 27 თებერვლით თარიღდება. თუმცა, საჯარო რეესტრში ცვლილებების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ აისახა.

ნატო ჩხეიძემ და ზაზა ოქუაშვილმა საკუთარი წილები ტელეკომპანიაში შვილებს "სიყვარულისა და თანადგომის ნიშნად" გადასცეს. ჩუქების დოკუმენტში წერია, რომ ტელეკომპანიის ღირებულება ჯამში 3 147 000 ლარია.

ფოტო: საჯარო რეესტრი

მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, თანამდებობის პირი, მათ შორის პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, მაუწყებლობის სფეროში არ შეიძლება ფლობდნენ ლიცენზიას ან იყვნენ ავტორიზებული პირები.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტელეკომპანია იბერიას მფლობელებისგან დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან სისრულეში მოყვანას სამ თვეზე მეტია, 2016 წლის 21 ნოემბრიდან, ითხოვს. კომისიამ საკითხის შესასწავლად ადმინისტრაციული სამართალწარმოება გასული წლის 29 დეკემბერს დაიწყო და კომპანიას დარღვევის აღმოსაფხვრეალდ ვადა მისცა. ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან ორი თვე გავიდა.

ნატო ჩხეიძე საქართველოს პარლამენტში 8 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგებით მოხვდა, ზაზა ოქუაშვილმა კი ამავე დღეს გამართული აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებით არჩეული დავით თარხან-მოურავი 26 დეკემბერს ჩაანაცვლა.