ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილს, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს ზოგ შემთხვევაში ქვეყანაში სისტემურ კორუფციაზე გარკვეული ზემოქმედება ჰქონდათ.

ტელევიზიებთან გამართული შეხვედრის დროს მას პალიტრანიუსის წამყვანმა, ემა ტუხიაშვილმა ჰკითხა: "როცა საუბრობთ სისტემურ კორუფციულ რისკებზე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი, ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი, ეს ადამიანები ხელს უწყობდნენ თუ არა იმას, რომ ქვეყანაში სისტემური კორუფციის რისკები გაჩენილიყო"?

"ქვეყანაში სისტემური კორუფციული რისკების გაჩენას სუსტი ინსტიტუტები უწყობს ხელს. ეს ადამიანები, როგორც გარკვეული გავლენის მატარებელი ჯგუფები შეიძლება გარკვეული ზემოქმედების ძალა ინსტიტუტებზე ჰქონდეთ", — თქვა მან.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა, ყოფილმა პრემიერმინისტრმა უპასუხა:

"ზოგ შემთხვევაში ჰქონდათ, ზოგ შემთხვევაში არ ჰქონდათ. ამას სჭირდება კონკრეტული ფაქტები. სადაც მქონია შესაძლებლობა იქ ეს კარები დამიკეტია ყოველთვის".

ჟურნალისტმა მას ისევ ჰკითხა, კონკრეტულად ამ ჩამოთვლილი ადამიანებისთვის დაუკეტია თუ არა კარი, რაზეც გახარიამ უპასუხა: "ყველასთვის არა, მაგრამ რამდენიმესთვის — კი".