NASA ხშირად ავრცელებს კოსმოსური ფენომენების ამსახველ ულამაზეს ფოტოებს, რომლებიც კიდევ უფრო გვიძლიერებს ცნობისმოყვარეობას უზარმაზარი კოსმოსის შესახებ, რომელშიც ვხცხოვრობთ და რომლის შესახებაც ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით.

ცოტა ხნის წინ სააგენტომ ირმის ნახტომის ბირთვის სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც გალაქტიკის ცხელი აირები და მაგნიტური ველები ჩანს. სურათი სამხრეთ აფრიკაში NASA-ს ჩანდრას რენტგენული ობსერვატორიისა და MeerKAT რადიოტელესკოპის საშუალებით გადაიღეს.

"გალაქტიკური ცენტრის ახალი პანორამა ეყრდნობა ჩანდრას და სხვა ტელესკოპების საშუალებით ჩატარებულ კვლევებს. სურათზე გამოსახულია ირმის ნახტმის დისკი, სადაც გალაქტიკური ვარკვლავების ყველაზე დიდი ნაწილია განლაგებული. აქ ჩანდრას ტელესკოპის მიერ აღქმული რენტგენული სხივები ნარინჯისფერ, მწვანე, ლურჯ და იისფერ ფერებშია გამოსახული, რაც სხვადასხვა ენერგიის რენტგენის ტალღებზე მიანიშნებს, რადიო მონაცემები კი MeerKAT ტელესკოპიდან ნაჩვენებია იასამნისფერ და ნაცრისფერ ფერებში", — წერს NASA.

ფოტო: www.nasa.gov

სააგენტო ასევე წერს განსაკუთრებით საინტერესო "ძაფზე", რომელიც გამოსცემს როგორც რენტგენულ, ასევე რადიო გამოსხივებებს. ამ უკანასკნელის სიგრძე დაახლოებით 20 სინათლის წელია, სიგანე კი — სულ რაღაც 0.2 სინათლის წელი.

დენიელ ვანგმა მასაჩუსეტსის უნივერსიტეტიდან ძაფის შესწავლის შედეგად აღმოაჩინა, რომ, ამ სტრუქტურას მაგნიტური ველის წირები აერთიანებს. NASA-ს აზრით, ასეთი წირები, შესაძლოა, სხვადასხვა მიმართუელების მაგნიტური ველების ერთმანეთთან დაჯახების შედეგად წარმოქმნილიყო. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს პროცესი განაპირობებს კოსმოსურ ამინდს, რომელიც ხანდახან დედამიწაზეც ახდენს გავლენას.

სურათზე ასევე ჩანს ცხელი აირების ნაკადებიც, რომლებიც გალაქტიკის სიბრტყის ზემოთ და ქვემოთ 700 სინათლის წელზეა გადაჭიმული. NASA-ს მიხედვით, ეს ნაკადები შესაძლოა გალაქტიკური მასშტაბის ნაკადების ამოფრქვევებს წარმოადგენდეს.

საბოლოოდ უნდა აღინიშნოს, რომ ირმის ნახტომის გალაქტიკის ბირთვი ასტრონომებს ასე დეტალურად აქამდე არასდროს გადაუღიათ. მის შესწავლას ექსპერტები განაგრძობენ და ალბათ, ახლო მომავალში, ჩვენი გალაქტიკის შესახებ საინტერესო ამბებს მოგვაწვდიან.