როგორც უკვე ცნობილია Fargo-ს მესამე სეზონის პრემიერა FX-ზე 19 აპრილს შედგება, ამ ამბის აღსანიშნავად კი არხმა სერიალის პირველი თიზერი შესთავაზა მაყურებელს.

სერიალი ფარგო FX-ის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალია. მისი პრემიერა არხზე 2014 წელს შედგა.

პირველი სეზონი მთლიანად სოციოპათი და დამნაშავე ლორნ მალვოის გარშემო ვითარდება.
მაყურებელი თვალს ადევნებს 2006 წელს მომხდარი მკვლელობების სერიას, რომელსაც პოლიცია იძიებს. პირველ სეზონში მონაწილეობდნენ: ბილი ბობ ტორტონი, ელისონ ტოლმანი, კოლინ ჰენქსი და მარტინ ფრიმენი.

მეორე სეზონში დრო იცვლება და 1979 წლის მინესოტაში ვინაცვლებთ, სადაც ქალაქ ლუვერნში მცხოვრები ცოლ-ქმარი ჩადენილი დანაშაულის კვალის დაფარვას ცდილობს. მეორე სეზონში კირსტენ დანსტი, პატრიკ უილსონი, ჯეინ სმარტი და ტედ დენსონი იყვნენ მთავარი ვარსკვლავები.

თარიღის გარდა, ვიცით იმ მსახიობების სიაც, რომლებიც ახალ ისტორიას გააცოცხლებენ. ესენი არიან: მერი ელიზაბეტ უინსტედი, კერი კუნი, ევან მაკგრეგორი, სკოტ მაკნაირი, მაიკლ შტულბერგი და დევიდ ტიულისი.

მაკგრეგორი მესამე სეზონში ტყუპი ძმების, ემით და რეი სტუსების როლს შეასრულებს. ძმები ერთმანეთს ექიშპებიან. მათი მეტოქეობა ქურდობით იწყება და მკვლელობით გვირგვინდება.

დანაშაულს მარტოხელა დედა გლორია იძიებს, რომელიც ამ საქმიანობის პარალელურად, ცდილობს, საკუთარი ცხოვრებაც დაალაგოს.