"ბადრი ესებუა სადაც არის, ვიცით ჩვენ... ისვენებს", — ასეთი ხუმრობით გამოეხმაურა შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუას დაკავებაზე დასმულ კითხვას.

2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა.

ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცავებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად ფულთან ერთად გაიქცა. მას ამ დრომდე ეძებენ.

12 დეკემბერს დააკავეს ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა. ის ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს.