საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, ოჯახური, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი სამი ახალგაზრდა პოლიციელი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა. სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისათვის, მაღალი პროფესიონალიზმის, საქმისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის ღირსების მედლით დაჯილდოვდა:

  • პოლიციის კაპიტანი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, ეკა ბუცხრიკიძე;
  • პოლიციის მაიორი, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი, გვანცა გოგავა;
  • პოლიციის ლეიტენანტი, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, ანი ნაცარაშვილი.

დაჯილდეობის ცერემონია დღეს პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შს მინისტრი და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და დიპლომატები ესწრებოდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამახურის ცნობით, გვანცა გოგავამ გამოიძია არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, არასრულწლოვანთა გარყვნილი ქმედების, გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვა ძალადობრივ ფაქტებზე. მის მიერ ჩატარებული დროული და ეფექტური გამოძიების შედეგად მხილებული და დაკავებული იქნა პირი, რომელიც წლების განმავლობაში არასრულწლოვანი შვილის მიმართ ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას. ასევე, მის მიერ ჩატარებული დროული გამოძიების შედეგად დაკავებული იქნა პირი, რომელიც სამი მცირეწლოვანი შვილის მიმართ ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას და სექსუალური ხასიათის სხვა ძალადობრივ ქმედებებს.

მათივე თქმით, ანი ნაცარაშვილი აქტიურადაა ჩართული ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინაღმდეგ ბრძოლაში.

"მან მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით, შეძლო ჯეროვანი რეაგირება მოეხდინა კონფლიქტის არაერთ ფაქტზე, განემუხტა სიტუაცია და აეცილებინა ძალადობა.

ეკა ბუცხრიკიძის დროული და რელევანტური გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართულია მსხვერპლთა ინტერესების დაცვისა და სახელმწიფო სერვისების დროულ მოძიებაში, ხელს უწყობს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და დაზარალებულის მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებას", — ნათქვამია ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.