გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, გახარიას მხრიდან კორუფციაზე აქცენტი არასერიოზულად მიაჩნია, ვინაიდან მთავრობაში ყოფნისას თვითონ არ აღიარებდა კორუფციას.

"კორუფციას რაც ეხება ცოტა სასაცილოც არის იმიტომ, რომ გახარიას ჰქონდა მთელი ძალაუფლება იმისთვის, რომ კორუფცია დაემარცხებინა, თვითონ არ აღიარებდა კორუფციის არსებობას მთავრობაში და ახლა რომ ამაზეა აქცენტი, არასერიოზულად მიმაჩნია, ამიტომაც მიმაჩნია, რომ პრობლემა აქვს პოზიციონირებაში ამ პარტიას", — ამბობს რაქვიაშვილი.

29 მაისს გიორგი გახარიამ პარტიისა და გუნდის პრეზენტაცია გამართა. პარტიას საქართველოსთვის ჰქვია. 18 თებერვალს ის პრემიერმინისტრობის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა და ეს გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა. მან ახსენა ისიც, რომ გუნდში ამაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო.

22 მარტს გახარია საზოგადოებასთან თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველად გამოჩნდა და თქვა, რომ "არსად წასვლას არ აპირებს, მეტიც, არც პოლიტიკიდან" მიდის. 14 აპრილს კი გახარიას გუნდის ახალმა წევრმა, გიორგი ხოჯევანიშილმა განაცხადა, რომ ისინი მომდევნო არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებენ და შესაბამისად, მონაწილეობასაც მიიღებენ.

ამ ეტაპზე გახარიას გუნდში ქართული ოცნების 6 ყოფილი დეპუტატია. მმართველი პარტიიდან წავიდნენ და ყოფილ პრემიერმინისტრს უერთდებიან: გიორგი ხოჯევანიშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი და შალვა კერესელიძე.

გარდა ამისა, გახარიას პოლიტიკურ პარტიას უერთდებიან NATO-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, ლევან დოლიძე და ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი.