ახლო მომავალში ვირჯინიის შტატში მარიხუანის ფლობა ლეგალიზებული გახდება, რის გამოც, ძაღლები, რომლებიც მის საპოვნელად იყვნენ გაწვრთნილები, სამსახურის გარეშე დარჩებიან. The Associated Press-ის ცნობით, იგივე ბედი უკვე ეწიათ პოლიციის ძაღლებს იმ შტატებში, სადაც მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაცია მოხდა.

მხოლოდ ვირჯინიის სახელმწიფო პოლიციამ უკვე 17 ძაღლი დაითხოვა სამსახურიდან, თუმცა ბევრად მეტი "უმუშევარი" დარჩა შტატის სხვა განყოფილებებში.

რადგან ძაღლები ვერ მიხვდებიან, რომ მარიხუანის ქონა ლეგალიზებულია, პოლიციის ზოგიერთ განყოფილებაში ახალ ლეკვებს წვრთნიან სხვა, ჯერ კიდევ უკანონო ნივთიერებებზე. ამის მიუხედავად, ზოგან ამჯობინებენ, ძაღლების დასაქმება საერთოდ შეწყვიტონ, რადგან გაწვრთნილი ლეკვის ფასი $15 000-ს აღწევს.

ფოტო: Steve Helber / AP Photo

პოლიციის ძაღლების დიდ ნაწილს უკანონო ნივთიერებებისა და ნარკოტიკული საშუალებების საპოვნელად წვრთნიან. მათი ყნოსვა 2 000-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ადამიანების. ძაღლები ერთნაირად რეაგირებენ ნებისმიერი სახის უკანონო ნივთიერების აღმოჩენისას, ამასთან, მათი გაწვრთნის შემდეგ სხვაგვარად მოქმედებისკენ მითითება შეუძლებელია.

"უმუშევარი" ძაღლები კი ბედის ანაბარა არ რჩებიან. როგორც წესი, ისინი გამწვრთნელის ან პოლიციელების ოჯახებთან ერთად ცხოვრებას მშვიდად აგრძელებენ.

ვირჯინიის გენერალურმა კრებამ აპრილის თვეში 28 გრამამდე მარიხუანის ფლობის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა. შტატის გუბერნატორის ხელმოწერილი კანონი კი ძალაში 1 ივლისიდან შევა.

2012 წლის შემდეგ აშშ-ის 16 შტატში მოხდა სამკურნალო დანიშნულებით გამოსაყენებელი მარიხუანის ლეგალიზაცია.