ხელისუფლებისა და კომპანიის უყურადღებობის შემდეგ, ჭიათურაში კომპენსაციების მოთხოვნით მოშიმშილე ადამიანები თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან მივიდნენ. ისინი მადნის მომპოვებელი კომპანია ჯორჯიან მანგანეზისგან მიყენებული ზიანის გამო, კომპენსაციას ითხოვენ. აქციის რვა მონაწილემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოკერა.

"სახელმწიფომ და კომპანიამ არანაირი ყურადღება არ მოგვაქცია და ჩამოვედით იქნებ როგორმე მივაწვდინოთ ჩვენი ხმა საელჩოს. ღამეც აქ ვაპირებთ დარჩენას და მანამ ვიქნებით აქ, სანამ ყურადღება არ მოგვექცევა. მე-10 დღეა სამ ქალს პირი გვაქვს ამოკერილი და ძალიან ცუდად ვართ უკვე", — ამბობს თამარ კუპატაძე On.ge-სთან.

ფოტო: ანა ვახტანგაძე/On.ge

მოსახლეობა ჩივის, რომ მადნის მოპოვებითი სამუშაოები მათ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიცვალებულთა საფლავებს აზიანებს. მათი თქმით, ჯორჯიან მანგანეზის სამუშაოების გამო სოფელში 200-ზე მეტი ოჯახია დაზარალებული.

ფოტო: ანა ვახტანგაძე/On.ge

"თითქმის ორი წელიწადია საპროტესტო აქციების პროცესში ვიმყოფებით. კომპანია ჯორჯიან მანგანეზი ჩვენს სოფელ შუქრუთს, ჩვენს საცხოვრებელ სახლებს და არა მარტო სახლებს აზიანდებს; ზიანდება საფლავები, ტაძარი და რეალურად ჯორჯიან მანგანეზს ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგია. მე-20 დღეა უკიდურეს ფორმას მივმართეთ, გვაქვს პირი ამოკერილი და ვშიმშილობთ", — გვითხრა გიორგი ნეფარიძემ.

მათ ადგილზე კარვების გაშლა უნდოდათ, რისი შესაძლებლობა პოლიციამ არ მისცა.

ჯორჯიან მანგანეზში 20 მაისს განაცხადეს, რომ მათი კონტრაქტორი კომპანია შპს შუქრუთი + "მზად არის სოფელ შუქრუთის რამდენიმე გაფიცული მოსახლის მოთხოვნა საცხოვრებელი სახლების შეფასების პროცესში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ჩართულობასთან დაკავშირებით დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ პირობით, თუ ამ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკება სამართლებრივ სივრცეში გადავა და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას მართლმსაჯულება გადაწყვეტს.

ისინი უარყოფენ, რომ მათი კონტაქტორის მიერ წარმოებული სამუშაოები სოფელ შუქრუთის მოსახლეობას აზარალებს და რომ მათ შესაბამის ზარალს არ უნაზღაურებს.

"შპს შუქრუთი + კომპენსაციებს 2020 წლის ივნისიდან გასცემს, რაც ჯამურად დღეისათვის 2 მილიონ ლარამდეა. ამასთანავე, კვლავ ძალაშია შეთავაზება გაფიცულებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებაზე, რომელსაც სოფელ შუქრუთის მოსახლეობა, გარდა ამ რამდენიმე ოჯახისა სრულად უერთდება. შეთანხმების შემთხვევაში გაფიცულები კომპანიის მხრიდან კომპენსაციას კონკრეტულ ვადებში, გეგმის მიხედვით მიიღებენ", — ირწმუნებიან ჯორჯიან მანგანეზში.

შუქრუთელებმა პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილების მოთხოვნით 2019 წლის სექტემბერში დაიწყეს. პროტესტი გაგრძელდა ნოემბერშიც. მოსახლეობას მაშინ შუქრუთში მდებარე ყველა მაღაროს შესასვლელი ერთ კვირაზე მეტხანს ჰქონდათ პარალიზებული.

საპროტესტო აქციები მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც შპს ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლები დაზიანებული სახლების კომპენსაციის გადახედვას დაჰპირდნენ.

ამის შემდეგ შუქრუთის მოსახლეობამ პროტესტი 2020 წლის თებერვალში განაახლა. მოთხოვნები ისევ იგივე იყო. ჯორჯიან მანგანეზის მფლობელობაში არსებული მაღაროების ფუნქციონირება მათ კვლავ შეაჩერეს.

შუქრუთელთა პროტესტს მაშინ გამოეხმაურა სახალხო დამცველი და სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს დაზარალებულთა საცხოვრისისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების დაცვის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

ჯორჯიან მანგანეზი ეკოლოგიური და სოციალური ზიანის ნაწილში თავის პასუხისმგებლობას უარყოფს.