ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის. მიუხედავად ამისა, პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს შემდეგ გახდა ცნობილი.

"ბრძოლა არათუ გრძელდება, არამედ ნამდვილად გადადის დამაგვირგვინებელ გადამწყვეტ ფაზაში... ჩემი აზრით, ჩვენ მივიღეთ მოცემულ მომენტში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება, რომელიც არცერთ კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან, იქნება ეს საპარლამენტო სხდომათა დარბაზი თუ საკომიტეტო, აჭარის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი დარბაზები, მოედნები, ქუჩები, სოფელში, რაიონში, მთაში, ბარში ყველგან ბიძინა ივანიშილს ექნება უდიდესი წინააღმდეგობა, იმიტომ, რომ წელს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დამარცხდეს ქართველი ხალხის სახელით", — განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, ახლა განსაკუთრებით დარწმუნდა, რომ თვეების წინ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მიღებული გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად გააზრებული და გამართლებული ნაბიჯი იყო.

ენმ-ს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა-არშესვლის საკითხზე პარტიის თავმჯდომარე, ნიკმა მელიამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინაში იმსჯელა. სააკაშვილთან 22 მაისს გამართული შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ მელიამ თქვა, რომ თვის ბოლოსთვის ისინი უკვე მზად იქნებიან მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის მისაღები.

მისივე თქმით, მას მიხეილ სააკაშვილთან ნაყოფიერი დისკუსია ჰქონდა, რომლის შედეგებს საზოგადოება იხილავს. მელია სააკაშვილთან შესახვედრად კიევში 16 მაისს გაფრინდა.

პარტიის მიერ პარლამენტში არშესვლის მიზეზი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ბოიკოტი გახლდათ.