დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კომენდანტის საათი იმისთვისაა დაწესებული, რომ თავი ავარიდოთ იმას, ადამიანები "რომ შეზარხოშდებიან და ქართული ხვევნა-კოცნა" იწყება სუფრებზე. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლების ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ სწორედ ასე ვრცელდება ეს ვირუსი.

"პიკზე როცა მივედით და ვნახეთ, რომ გადავიარეთ ეს პიკი, მაშინ მოხდა ამ კომენდანტის საათის გადაწევა. ბევრჯერ მაქვს ახსნილი, ეს არის მობილობის შემცირებისთვის. ღიად რომ ვთქვა, კარგად რომ შეზარხოშდებიან ადამიანები, დარჩებიან და ქართული ხვევნა-კოცნა რომ იწყება სუფრაზე, ამას რომ ავარიდოთ თავი, ამიტომ არის ეს [კომენდანტის საათი].

რეალობა ეს არის, ასე ვრცელდება ეს დაავადება და დიდი კლასტერები სუფრებთან იყო ყოველთვის დაკავშირებული. ეს 11 საათამდე უკვე, რა თქმა უნდა, ალბათ, მალე ესეც მოიხსნება. იმიტომ, რომ ჯერჯერობით ეს დარჩა ფაქტორი, ფართო გავრცელებას ხელი რომ შეუშალოს", — თქვა იმნაძემ.

17 მაისს კომენდანტის საათი 23:00 საათამდე გადასწიეს. აქამდე კომენდანტის საათის საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე მოქმედებდა. ეს ერთადერთი შეზღუდვაა, რომელიც მეორედ დაწესების შემდეგ, არც წინა და არც მოქმედ სამთავრობო გუნდს არ მოუხსნია და გამონაკლისის სახით, მხოლოდ 4 ღამით გაუქმებით შემოიფარგლა.

კომენდანტის საათი ვირუსის პირველი ტალღის დროსაც გვქონდა, როცა ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, თუმცა, ის მხოლოდ 53 დღე გაგრძელდა. მაშინ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა 31 მარტს დაიწყო და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გრძელდებოდა. 23 მაისს კი საგანგებო მდგომარების გაუქმებასთან ერთად, მოიხსნა.