ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 8 პირი გაათავისუფლეს, სასამართლო გადაიდო. ინფორმაცია On.ge-ს სასამართლოში დაუდასტურეს. სასამართლო პროცესი 4 ივნისს ჩაინიშნა.

28 მაისს გუმათში დაპირისპირებისას 8 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონდარღვევისთვის დააკავეს.

გუმათში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეების ნაწილმა რკინის ჯებირებზე ბრახუნი დაიწყო, ნაწილმა კი სცადა ჯებირებზე მიწოლა. უკან დახევაზე ორგანიზატორების მოწოდების მიუხედვად, ყველას გაკონტროლება ვერ მოხერხდა და სიტუაცია დაიძაბა.

26 მაისს, გვიან ღამით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები გუმათში ჩავიდნენ და კომპანია ენკას მანქანებისთვის ხეობის შესასვლელი გადაკეტეს. ისინი აბრახუნებდნენ რკინის ჯებირზე, რომელიც პოლიციამ გზის გადასაკეტად აღმართა. გუმათჰესთან მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიციაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 მაისს განაცხადა, რომ ბარიკადების დაზიანებაზე გამოძიება დაიწყეს. აქტვისიტებმა კი აღნიშნეს, რომ ხმაური გაგრძელდება იქამდე, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება.