ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი სმართ ქიდს NASA-ში გაემგზავრება. კონკურსი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გამარჯვებულები 27 თებერვალს 13 ფინალისტ გუნდს შორის გამოვლინდნენ. პროექტით გეოლოგიური საფრთხეები, კონკურსში გამარჯვებული გუნდის წევრები არიან სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლეები: ნათია შამათავა, დეა ჩიტაია, ალექსი ტყებუჩავა, ლიკა კოკაია და გვანცა ჩიქოვანი.

ხუთივე მოსწავლე აშშ–ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამას გაივლის.

პროექტი გეოლოგიური საფრთხეები წარმოადგენს შეტყობინების სისტემას მეწყერსაშიში ზონებისთვის. მოცემული პრობლემის გადასაწყვეტად გამოყენებულია ჰოლის ეფექტზე დამყარებული მეთოდი. შედეგად, მიღებულია მაღალი მგრძნობელობა, სიზუსტე და საიმედოობა. ასეთი სისტემის აწყობა, წარმოება და დანერგვა საქართველოში მარტივად შესაძლებელია, რაც ცხადია, ხარჯეფექტიანია სახელმწიფოსთვის.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. კონკურსი 2015 წლიდან ხორციელდება და ჯამში 240 გუნდს აქვს მონაწილეობა მიღებული საქართველოს მასშტაბით. კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. წელს, კონკურსის მეგობარი გახდა კომპანია ჯეოსელი.