საკულტო სიტკომის სპეციალურ ეპიზოდს გულშემატკივრები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ. მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩინეთში მცხოვრები ფანებიც იყვნენ, რომლებმაც დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, სპეციალურ ეპიზოდში ზოგიერთი სტუმარი ვერ იხილეს, მათ შორის არიან ლედი გაგა, ჯასტინ ბიბერი, BTS და LGBTQ+ თემის წარმომადგენელი ფანები.

Friends ჩინეთში განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს, ამიტომ ეპიზოდი ჩინეთის სამივე სტრიმინგ პლატფორმამ გაუშვა და სამივე შემთხვევაში ეპიზოდის თავდაპირველი ვერსიიდან დაახლოებით 6 წუთი ამოჭრილია.

ეპიზოდიდან BTS-ის ამოჭრის მიზეზი ის კრიტიკა გახდა, რომელიც კორეულ ჯგუფს გასულ ოქტომბერს ჩინეთის რესპუბლიკისგან დაატყდა თავს. როდესაც ჯგუფმა აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის კულტურული ურთიერთობების აღსანიშნავად ჯილდო გადაეცა, ჯგუფის წევრმა კორეის ომში სამხრეთ კორეისა და აშშ-ის მოქალაქეების მსხვერპლი გაიხსენა. ამან ჩინეთის რესპუბლიკაში საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ჯგუფმა ჩინეთის მიერ გაღებული მსხვერპლი არ ახსენა.

ეპიზოდიდან ლედი გაგასა და ლიზა კუდროუს მიერ შესრულებული ცნობილი სიმღერა Smelly Cat-იც ამოჭრეს. ლედი გაგას ჩინეთში ჩასვლა მას შემდეგ ეკრძალება, რაც მომღერალი 2016 წელს დალაი ლამას შეხვდა, რომელსაც ჩინეთის მთავრობა საშიშ სეპარატისტად მიიჩნევს.

რაც შეეხება ჯასტინ ბიბერს, მან ჩინელი ფანები 2014 წელს გააღიზიანა, როდესაც მან იაპონიაში იასუკუნის სალოცავში ყოფნის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა. იასუკუნის სალოცავი საერთაშორისო აზრთა სხვადასხვაობის მიზეზია, რადგან იქ მეორე მსოფლიო ომის სამხედრო დამნაშავეები არიან დაკრძალული. ამის გამო ჯასტინ ბიბერს ჩინეთში კონცერტის ჩატარება აეკრძალა.

ჩამოთვლილი ვარსკვლავების გარდა, სპეციალური ეპიზოდიდან ამოჭრილია ნებისმიერი მომენტი, რომელიც LGBTQ+ საზოგადოებას უკავშირდება.

ამავე თემაზე: