სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაშვებას გამოიძიებს, რომლის შედეგად ბელარუსელი აქტივისტი და ჟურნალისტი დააკავეს. ICAO– ს გამოძიებით დადგინდება, დაირღვა თუ არა რაიმე საერთაშორისო კანონი, ან დადგენილი ნორმები და პრაქტიკა.

მომხდარის გამოძიება ICAO საბჭოს საგანგებო სხდომაზე 27 მაისს გადაწყდა. ICAO შუალედური ანგარიში 25 ივნისისთვის უნდა წარადგინოს.

23 მაისს ათენიდან ვილნიუსისკენ მიმავალი Ryanair-ის თვითმფრინავი მინსკის აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერება იყო. საბოლოოდ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა.

მგზავრებს შორის იყო ოპოზიციური ტელეგრამარხის Nexta-ს ხელმძღვანელი, რომან პროტასევიჩი, რომლის წინააღმდეგაც ბელარუსში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მასობრივი არეულობის ორგანიზებას ედავებიან. პროტასევიჩი და მისი შეყვარებული, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა აეროპორტში დააკავეს. შვიდსაათიანი დაკავების შემდეგ კი ლაინერი ვილნიუსში ჩაფრინდა.

ევროპული ქვეყნების დიდმა ნაწილმა თვითმფრინავის დაშვება სწორედ პროტასევიჩის დაკავებას დაუკავშირა. ლიეტუვამ თავის მოქალაქეებს ბელარუსის დატოვებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ბელარუსის საჰაერო სივრციდან რეისების მიღებასა და გაგზავნას წყვეტს. გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიამ მათ შორის Air France-მა, airBaltic-მა, Wizz Air-მა და Lufthansa-მ ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი თქვეს.

დაკავებიდან თითქმის ერთი დღის თავზე ბელარუსის სახელმწიფო მედიებმა პროტასევიჩის ვიდეო გაავრცელეს, სადაც ის აცხადებდა, რომ აღიარებით ჩვენებას აძლევდა. ასევე, მბობდა, რომ თავს კარგად გრძნობდა და მინსკის იზოლატორში იმყოფებოდა.

დასავლეთის შეფასებას არ იზიარებს რუსეთის ხელისუფლება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ამბობს, რომ ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყნების რეაქცია "გაკვირვებას იწვევს".