ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული პოსტის გამო ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატი ხულოში, ნუგზარ სოლომონიძე ჟურნალისტს დაემუქრა. თუმცა, სოლომონიძე თავის საქციელს მუქარად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ "პირადულში შეხებაზე საკადრისი პასუხი მოითხოვა". დეპუტატის "საკადრის პასუხად" შეფასებული ქცევა კი ჟურნალისტისთვის იმის თქმაა, რომ მისი გაკრიტიკების გამო "მომავალი საფრთხეში გააბა".

Factcheck-ის ანალიტიკოსმა, ნაზი რეხვიაშვილი ფეისბუქგვერდზე გააზიარა ნაწყვეტი ტელეკომპანია 25-ის სიუჟეტიდან, სადაც ნუგზარ სოლომონიძე შეცდომით წარადგენს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს და მას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ მოიხსენიებს. ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სოლომონიძე ოპოზიციაშიც იყო და მმართველ გუნდშიც.

"თორნიკე რიჟვაძე რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჰგონია, თან — არჩეული, აზრს რომ ვერ აყალიბებს და "კაცურ კაცურ მოყვარედ" უმაღლეს შეფასებად მიაჩნია, ან ოპოზიციაში რა უნდა, ან მმართველ გუნდში", — დაწერა რეხვიაშვილი ფეისბუქზე და მესენჯერში მუქარის შეტყობინება მიიღო.

ჟურნალისტის მოწოდებულ სქრინებში ჩანს, რომ დეპუტატი მას შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს, "ნაცების გამოსაყენებელ პეშკას" უწოდებს და წერს: "საომრად მეორედ გამომიწვიე. მელოდე და მიფრთხილდი". კითხვაზე, რა პრეტენზიები აქვს დეპუტატს, რეხვიაშვილი პასუხად იღებს:

"რომ მოვა დრო მერე მიხვდები, რა საფრთხეში გააბი შენი მომავალი. ვერ გიცნივარ. სადაც გინდა წარადგინე ჩემი პასუხი. მერე მიხვდები ვინ ვარ".

როგორც ჟურნალისტთან მესიჯობისას, ისე On.ge-სთან საუბრის დროს დეპუტატი იმეორებს, რომ მას "პირადულში შეეხენ" და ამბობს, რომ ეს მეორე შემთხვევაა. არც ჟურნალისტთან და არც ჩვენთან კომუნიკაციის დროს სოლომონიძე არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს პირველ "პირადულ შეხებაში", მხოლოდ 2017 წლის პოსტზე მიუთითებს და ამბობს, რომ თავად ჟურნალისტს ვკითხოთ.

"მითხრა, რომ მეორე შემთხვევაა. როგორც აღმოჩნდა, ადრე კენჭს იყრიდა და გავუგზავნე სტანდარტული კითხვები, რომელსაც ვუგზავნიდი ყველა კანდიდატს", — ასე იხსენებს ჟურნალისტი პირველ კომუნიკაციას.

დეპუტატი კი დეტალებს არ გვეუბნება და ჩვენი კითხვების უმეტესობას კითხვებითვე პასუხობს.

"მისი კითხვა და მისი პასუხი არ გაინტერესებდათ, რატომ მოხდა ეს სიტუაცია? მუქარა რა შუაშია ჯერ ერთი? რა პოსტი და რას ლაპარაკობთ? ქალბატონ ნაზის შეეკითხეთ რის გამო მოხდა".

კითხვაზე, რატომ ჰგონია საჯარო პირს, დეპუტატს, რომ კრიტიკის გამო მუქარა გამართლებულია, გვპასუხობს:

"არა, პირადულში რომ შემეხება ადამიანი, ხომ შეიძლება საკადრისი პასუხი გავცე?"

სოლომონიძე არც იმას ხსნის, რატომ აღიქვამს კრიტიკას პირად შეურაცხყოფად, მაგრამ ფიქრობს, რომ ჟურნალისტმა თავის პოსტზე უნდა აგოს პასუხი.

"მან თვითონ მიხედოს მის საქმეს და თავის პოსტზე აგოს პასუხი და დანარჩენს მერე მივხედავ. პირადულში აბა რა არი, რა სისულელეა, პირადულში არ არი?! [...] მე საჯარო პირი ვარ, ჩემი მოვალეობა მაქვს და მას მისი პირადული", — გვეუბნება ის.

მუქარის გამო ჟურნალისტი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიმართავს და შესაბამის უწყებაში განცხადების შეტანას აპირებს.

მომხდართან დაკავშირებით Factcheck-მა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებზე მუქარა და ზეწოლა დაუშვებელია. გამოცემა აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც თავს აძლევენ უფლებას, ჟურნალისტებს დაემუქრნონ, დაისაჯონ კანონის შესაბამისად. ფაქტ-მეტრი მოუწოდებს სახალხო დამცველს, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით.

"ამგვარი ქმედებები ერთი მხრივ, საფრთხის ქვეშ აყენებს კონკრეტული ადამიანის ფიზიკურ უსაფრთხოებას, ხოლო მეორე მხრივ დემოკრატიული განვითარების პროცესს, ვინაიდან მიზნად ისახავს კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გაჩუმებას და, შესაძლოა, მსუსხავი ეფექტიც კი იქონიოს", — აცხადებენ Factcheck-ში.

მომხდარს გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც და მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი, ხელისუფლების წარმომადგენელს კანონის შესაბამისად მოსთხოვონ პასუხი და დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები ჟურნალისტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ქარტიას მიაჩნია, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა თანამდებობის პირის მხრიდან მედიის წარმომადგენლის მიმართ მუქარის ფაქტი.

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის დაიცავს ჟურნალისტთა უფლებებს და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს და მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ გაკეთებული ყველა განცხადება საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას", — წერია განცხადებაში.