დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ორჯერ აცრის შემთხვევაში მსურველები შეძლებენ მიიღონ QR-კოდიანი დოკუმენტი, რომელიც კოვიდპასპორტის პირველი ეტაპია. მათ ამ ცნობას იმ დაწესებულებაში მისცემენ, სადაც ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთეს.

"თუ მგზავრობისთვის ან რამე სხვა მიზნებისთვის გჭირდებათ ეს ცნობა, რომ ორჯერ აცრილი ბრძანდებით, ამცრელ დაწესებულებებს უკვე შეუძლიათ ამ ცნობის ამოღება, ასე ვთქვათ. იქ, სადაც მეორე დოზას გაიკეთებთ, როდესაც დაარეგისტრირებენ თქვენს აცრას, მათ უკვე შეუძლიათ, ამოიღონ ქაღალდის ფორმაზე არა მარტო ის, რასაც ხელზე გაძლევენ, შევსებულს ხელით, აცრების ბარათი, არამედ, კომპიუტერიდან თავისი QR კოდით. ეს არის, ასე ვთქვათ, კოვიდპასპორტის პირველი ეტაპი", — აცხადებს იმნაძე.

მისივე ინფორმაციით, ვაქცინის მეორე დოზის მიღებისთვის არ არის აუცილებელი მოქალაქეები აიცრან იქ, სადაც პირველი დოზა გაიკეთეს და ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ დარეგისტრირება.