საერთაშორისო ბიოსამედიცინო ორგანიზაციამ ახლახანს განაახლა რეკომენდაციები ადამიანის ემბრიონის კვლევის შესახებ. მათ ამით რეგულაციები შეამცირეს და ახლა მეცნიერებს ლაბორატორიაში გამოყვანილ ემბრიონებზე დაკვირვება უფრო დიდხანს შეეძლებათ.

საუბარია ათწლეულების განმავლობაში მოქმედ "14 დღიან წესზე", რომელიც მოუწოდებს და ზოგიერთ ქვეყანაში იურიდიულად ითხოვს, რომ მკვლევარებმა ორი კვირის შემდეგ შეაჩერონ ადამიანის ექსპერიმენტულ ემბრიონზე დაკვირვება.

ღეროვანი უჯრედების კვლევის საერთაშორისო საზოგადოების (ISSCR) მიერ დადგენილი ახალი რეგულაციები მეცნიერებს უფრო კომპლექსური კვლევების ჩატარების საშუალებას მისცემს. მკვლევრებს საშუალება მიეცემათ უკეთ შეისწავლონ ის გენეტიკური დაავადებები, რაც ემბრიონს 14 დღის შემდეგ შეიძლება გამოუვლინდეს.

"ვფიქრობთ, ამ პერიოდში ბევრი თანდაყოლილი ანომალია უკვე ვითარდება. ადრეულ ეტაპებზე უკეთესად დაკვირვებით, ბევრ რაღაცას გავიგებთ და მედიცინის კუთხით წინ წავიწევთ", — ამბობს ფრენსის კრიკის ინსტიტუტის ღეროვანი უჯრედების მკვლევარი და ISSCR თავმჯდომარე, რობინ ლოველ-ბეჯიმი.

აღსანიშნავია, რომ 14 დღის ლიმიტი 40 წლის წინ დაწესდა, რის მიხედვითაც ადამიანის ემბრიონზე უფრო დიდხნიანი დაკვირვება არალეგალურად ითვლება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლიმიტი 28 დღემდე გაიზრდება.