ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, პოლიციას გუშინდელი ხმაურის ატანა გაუჭირდა და გამოსავალი გამოძიების დაწყებაში იპოვეს. მისი თქმით, ამის სავარაუდო მოტივი დაშინება და რეპრესიული ქმედებაა.

"რადგან ახლა უჭირთ ამ ხმაურის ატანა, იპოვეს ეს გამოსავალი, რომ აღძრან საქმე. მერე ერთ-ორ ადამიანს რაღაც დააბრალონ და აიყვანონ, მერე ამით მოხდეს დაშინება, რომ აღარ აბრახუნონ.

ეს არის ალბათ მოტივი. მარტივია, ხედავს ყველა, რომ იგივე რეპრესიული ქმედებით გაანეიტრალოს პროტესტი. არ გამოვა ეს ყველაფერი", — აცხადებს ის.

მისი მტკიცებით, წარმოუდგენელია ვინმეს ხელით დაეზიანებინა მსგავსი ტიპის კონსტრუქცია და ქვებს რომ არ ურტყამდნენ დასტურდება იმით, რომ აქციის მონაწილეებს ხელები აქვთ დაზიანებული.

"დაზიანებას რაც შეეხება, ხელებზე ეტყიბათ ადამიანებს, რომ ქვებს არ ურტყამდნენ და ჯოხებს. დასიებულია ქვთ ხელები და სისხლი სდიოდა ხალხს", — განაცხადა მან.

26 მაისს, გვიან ღამით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები გუმათში ჩავიდნენ და კომპანია ენკას მანქანებისთვის ხეობის შესასვლელი გადაკეტეს. გუმათჰესთან მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიციაც. აქციის მონაწილეები ბარიკადებად აღმართულ რკინის ღობეს ხელს ურტყამდნენ და ამბობდნენ, რომ ხმაური გაგრძელდება იქამდე, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გუმათში დაზიანებულია უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები, რაზეც გამოძიება დაიწყეს.

"ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუშინ თბილისიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლეს და გუმათში განაგრძეს საპროტესტო აქცია. შეკრებილები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს და სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ. სამინისტრო დეტალურად სწავლობს კანონდარღვევის ფაქტს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", — აცხადებენ უწყებაში.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათში თბილისში გამართული ოთხდღიანი აქციების შემდეგ დაბრუნდნენ.