თერჯოლის მუნიციპალიტეტში 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებული მამა ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში გაამართლა. უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულს ბრალდების მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

მათივე თქმით, დადასტურდა, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, ის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლს ამცირებდა და სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა.

"გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ფ.ა. არასრულწლოვან შვილს ა.ა-ს არაადამიანურად ეპყრობოდა, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა, ემუქრებოდა და ნათესავებთან ყოფნას უკრძალავდა. აღნიშნულით გამოწვეული ძლიერი ფსიქიკური ტკივილის და მორალური ტანჯვის გამო, ა.ა-მ, 2020 წლის 23 აგვისტოს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა", — ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თერჯოლაში არასრულწლოვანის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა 24 აგვისტოს დააკავეს. უწყების განცხადებით, ბრალდებული 11 წლის შვილზე სისტემატურად ძალადობდა. პროკურატურამ მას, ბრალი — ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარუდგინა, 26 აგვისტოს კი ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრომა შეუფარდა.