საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 104 260 კგ შოკოლადსა და 125 კგ კარამელის კანფეტს სამინისტროს თანამშრომლებისთვის ყიდულობს. ამის შესახებ შსს-მ განცხადება, უწყების მიერ გამოცხადებული ტენდერის შესახებ მომზადებულ მასალებზე პასუხად გაავრცელა.

"მიგვაჩნია, რომ ჩვენი ჯარისკაცების, მესაზღვრეებისა და მეხანძრე-მაშველებისთვის დღიურ ნორმად განსაზღვრულ შოკოლადზე აჟიოტაჟის ატეხვა სრულიად მიუღებელია და ემსახურება, როგორც მათ დემოტივაციას, ასევე, შსს-ს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას," - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყება შესაძენი ტკბილეულის მიზნობრიობას გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს:

"შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის, კერძოდ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, ლოჯისტიკის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საჯარისო დანაყოფებისა და ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებისთვის, შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე, საერთო საჯარისო სასურსათო იჯარით გათვალისწინებულ სხვა საკვებ პროდუქტებთან ერთად, შოკოლადის დღიური ნორმა ერთ მოსამსახურეზე განსაზღვრულია 50-60 გრამით, ხოლო მშრალ სასურსათო ულუფაში - 100-120 გრამით. ყოველდღიურად, შსს-ს ზემოაღნიშნულ დანაყოფებში გაიცემა, დაახლოებით, 300კგ შოკოლადის ნაწარმი."

On.ge დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა უწყებისგან პასუხის მიღებას, თუ რა მიზნით ყიდულობდა აღნიშნულ ტკბილეულს შსს.