ქართული ოცნება და ოპოზიცია სამუშაო შეხვედრაზე ამნისტიის კანონპროექტზე ვერ შეთანხმდნენ. ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი ამნისტიის კანონპროექტზე ვერ შეთხმებას ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეუთანხმებლობას, კერძოდ, კი პარტია ლელოს პოზიციას უკავშირებს. ოხანაშვილის თქმით, ლელოს წარმომადგენლები ისეთ კატეგორიულ საკითხებსა და მოთხოვნებს აყენებენ, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილ ამნისტიის კანონის არსს პირდაპირ არღვევს.

"ოპოზიციური ჯგუფები თვითონ არ არიან ჩამოყალიბებულნი ერთიან პოზიციაზე. ამიტომ, ერთი ფაქტორი, თუ დღეს ჩვენ რატომ ვერ შევაჯერეთ საკითხები არის ის, რომ ოპოზიციაში არის გაურკვევლობა. უფრო რომ დაგიკონკრეტოთ, ლელოს წარმომადგენლები აყენებენ ისეთ კატეგორიულ საკითხებსა და მოთხოვნებს, რომელიც პირდაპირ არღვევს შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილ ამნისტიის კანონის არსს. მათ ისეთი კატეგორიული კრიტერიუმები აქვთ დაყენებული, რომც გვინდოდეს გაზიარება, არღვევს და დაარღვევს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას. საუბრობენ იმაზე, რომ პასუხისმგებლობა, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს, ლელოს პოზიციაა, რომ მათ აღარ უნდა იკისრონ ეს პოლიტიკური ტვირთი და ისრების გადატან სურთ, სამწუხაროდ, დაზარალებულებზე. ეს არის სრულიად მიუღებელი რამ", — განაცხადა ოხანაშვილმა.

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ოპოზიციის ვერსია მშელის დოკუმენტს ეწინააღმდეგება და მისი თქმით, ის ოპოზიციის ვერსიას მხარს არ დაუჭერს.

პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული — ერთი ოპოზიციის და ერთიც მმართველი პარტიის.

20 ივნისთან დაკავშირებულ საქმეებზე ამნისტიის მიღება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შემქნილი დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი იყო.