ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყანაში აკრძალა ვიწრო ჯინსები, სხეულის პირსინგები და თმის სხვადასხვა ვარცხნილობა, როგორც "კაპიტალისტური ცხოვრების სტილის" სიმბოლო.

სამხრეთკორეული სააგენტოს ცნობით, ეს გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეაში მას შემდეგ მიიღეს, რაც ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნდა გამაფრთხილებელი სტატია, რომ დროა, "კაპიტალისტური კულტურა" შეაჩერონ, სანამ მთელ ქვეყანას დაიპყრობს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი შეშფოთებით აღნიშნავს, რომ ახალგაზრდები სულ უფრო ხშირად მისდევენ დასავლური მოდის ტრენდებს. "ფრთხილად უნდა ვიყოთ კაპიტალისტური ცხოვრების სტილის ნებისმიერ გამოვლინებასთან და ამ ნიშნების აღმოსაფხვრელად დაუყონებლივ უნდა ვიმოქმედოთ", — წერია სტატიაში.

ახალი შეზღუდვები კიმ ჩენ ინის რეჟიმის მკაცრი კონტროლის ნაწილია, რომელიც "ანტისოციალისტური ქმედებების" დროულად გამოვლენას ისახავს მიზნად.

მედიაში ასევე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ კორეაში აიკრძალა ვიწრო ჯინსები, ცხვირისა და ტუჩის პირსინგი, ბრენდირებული მაისურები და 15 "არასოციალისტური" თმის ვარცხნილობა, მათ შორის ე.წ. მულეტი და სხვა.

როგორც ცნობილია, ქვეყანაში არსებობს "მოდის პოლიცია" — რეჟიმის სპეციალური ორგანიზაცია, რომლის წევრებიც ქუჩაში ნებისმიერ გამვლელს აჩერებენ, თუ მათი ჩაცმულობა "მეტისმეტად უცხოურია".