ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები გუმათში ჩავიდნენ და კომპანია ენკას მანქანებისთვის ხეობის შესასვლელის გადაკეტვას აპირებენ. ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, გზაში აქტივისტები რამდენიმე ჯგუფად გაიყვნენ და ნაწილი ტვიშშია, სადაც უკვე დგას კარავი, დილიდან კი იქ უფრო მეტი ადამიანი იქნება. გზა გადაიკეტება გუმათშიც.

"სხვა არაფერი დაგვრჩენია, თუ არა ის, რომ ფიზიკურად დავდგეთ აქ და არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ კომპანიამ გააგრძელოს მუშაობა", — განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მისივე თქმით, გზა მხოლოდ კომპანია ენკას სპეცტექნიკისთვის იკეტება, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნება.

გუმათჰესთან მობილიზებულია პოლიცია.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათში თბილისში გამართული ოთხდღიანი აქციების შემდეგ დაბრუნდნენ.