კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმებული ღონისძიებების შემდეგ მუსიკალური ფესტივალები ნელ-ნელა ბრუნდებიან. მათ შორისაა პრიმავერა საუნდიც, რომელმაც 2022 წელს ბარსელონაში გასამართავ ფესტივალზე მონაწილეთა სია უკვე გამოაქვეყნა. გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, ლაინაფში გენდერული ბალანსია დაცულია.

ფესტივალი ივნისის თვეში, უქმეებზე გაიმართება. პირველ შაბათ-კვირას (2-4 ივნისს) ღონისძიებაზე მსმენელი იხილავს Pavement-ს, The Strokes-ს, Massive Attack-ს, Tame Impala-ს, Nick Cave & The Bad Seeds-ს, Gorillaz-ს და Tyler, the Creator-ს.

მომდევნო უქმეებზე კი ფესტივალის აუდიტორიის წინაშე წარდგებიან Lorde, დუა ლიპა, Megan Thee Stallion, Interpol და Yeah Yeah Yeahs. სხვა შემსრულებლები კვირის განმავლობაში, ბარსელონის დახურულ სივრცეებში გამართულ ღონისძიებებზეც გამოჩნდებიან, ფესტივალის ყველა სტუმრის ვინაობა კი მომდევნო თვეებში გახდება ცნობილი.

ღონისძიებების დიდი ნაწილი ღია ცის ქვეშ, პარკ Parc del Fòrum-ში გაიმართება.

კვირას, 12 ივნისს, ფესტივალი სანაპიროზე გამართული წვეულებით დაიხურება, სადაც ასევე შესრულდება ცოცხალი მუსიკა.

პრიმავერა საუნდი ბოლოს 2019 წელს ჩატარდა; გასულ წელს, კოვიდპანდემიის გამო, ფესტივალი ჯერ გადაიდო, საბოლოოდ კი, გაუქმდა. მცდელობის მიუხედავად, ღონისძიების ჩატარება ვერც 2021 წელს მოხერხდა.