უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"უკრაინის მინისტრთა კაბინეტის და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ აქტიური თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში კვლავაც იქნება რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის და ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩვენი სახელმწიფოების წარმატებული წინ წაწევის ეფექტური ინსტრუმენტი", — აღნიშნავს შმიგელი.

ამასთან, უკრაინის პრემიერი ამბობს, რომ საქართველოს და უკრაინას აქვთ მნიშვნელოვანი პოტენციალი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისათვის, რასაც ხელს შეუწყობს საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ეფექტური საქმიანობაც.

"მოხარული ვიქნები შეგხვდეთ თქვენ უახლოეს მომავალში და განვიხილოთ ქართულ-უკრაინული ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები. გისურვებთ, პატივცემულო ბატონო პრემიერმინისტრო, წარმატებებს სახელმწიფო საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს — მშვიდობას, კეთილდღეობასა და აყვავებას", — აღნიშნულია მილოცვაში.