საქართველოს პრემიერმინისტრმა 26 მაისის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ მოქალაქეებს. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის და მისი ძლიერების განმტკიცება ყოველდღიურ ძალისხმევასა და თავდადებას მოითხოვს.

"დამოუკიდებლობის დღე მინდა განსაკუთრებით მივულოცო საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები ძლიერი და ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი საქართველოს ღირსეული მონაწილეები გავხადოთ",— განაცხადა მან.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ისტორიულად საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი საფუძველი იყო მისი ტოლერანტული კულტურა, მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საზოგადოება.

"დღევანდელი დღე არის საქართველოს ყველა მოქალაქის ზეიმის დღე, რომელიც გამოხატავს ჩვენი ერის ერთიანობას და სწრაფვას საქართველოს უკეთესი მომავლისკენ.

დამოუკიდებლობის დღე მინდა მივულოცო უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც შრომითა და ნიჭიერებით აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას და ქმნიან წარმატების საამაყო მაგალითებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის და მისი ძლიერების განმტკიცება ყოველდღიურ ძალისხმევასა და თავდადებას მოითხოვს", — განცხადა ღარიბაშვილმა.

თავისუფლების მოედანზე 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებები იმართება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი. ასევე, ისაუბრებენ პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი და მოწვეული სტუმრები, მათ შორის, პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა.