"როცა "ავაშენოთ" მიტინგები აჯობებს "არ ავაშენოთ" მიტინგებს, მაშინ ქვეყანა დაიწყებს აღორძინებას", — ასე ეხმაურება პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს.

"P.S ანაკლიის გაჩერება ასე არავის გაუპროტესტებია", — წერს ხაზარაძე Facebook-ში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება ოფიციალურად 9 იანვარს შეწყდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიზეზად კონსორციუმის მხრიდან აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა დაასახელეს.

ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაზე საქართველოს მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის ხელშეკრულება 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმდა.

ანაკლიის პორტის სამომავლო განხორციელებასთან დაკავშირებით კითხვები თიბისი ბანკის საქმემ გააჩინა. თიბისი ჰოლდინგ საქართველო ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წევრია. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ივარაუდეს, რომ ეს პროცესები ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლისკენ იყო მიმართული. პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები ფულის გათეთრების ნიშნებს შეიცავდა.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს. ეროვნული ბანკში კი განაცხადეს, რომ ხაზარაძის წასვლას მიესალმებიან. მათი თქმით, ეს ბანკის გამჭვირვალობაზე დადებითად აისახება. მოგვიანებით ისინი ანაკლიის პორტის მმართველ საბჭოში თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებიდანაც წავიდნენ. დღეს ისინი პარტია ლელოს ლიდერები არიან.

მთავრობაში ირწმუნებიან, რომ ანაკლიის პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის ეძებენ.

მესამე დღეა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია იმართება. 25 მაისს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განცხადა, რომ 26 მაისის აქციის შემდეგ რიონის ხეობაში დაბრუნდებიან და კომპანია ENKA-ს მუშაობას ხელს ადგილზე შეუშლიან.

23 მაისს ვარლამ გოლეთიანმა რესპუბლიკის მოედანზე მოთხოვნები გააჟღერა და მათ შესასრულებად ხელისუფლებას 24 მაისის 12:00 საათამდე მისცა.

მოთხოვნები, რომლებიც გოლეთიანმა აქციაზე გააჟღერა შემდეგია:

  • დატოვოს რიონის ხეობა კომპანიამ ენკამ;
  • გაწყდეს ენკასა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება და გაუქმდეს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც 2015 წლიდან დღემდეა გაცემული;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი და დადგეს არამხოლოდ ნათია თურნავას, არამედ ჰესის დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართული ადამიანებიც პასუხისმგებლობის საკითხი.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლებას შორის უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ პროტესტის დედაქალაქში გადმოტანის გადაწყვეტილება მიიღეს. მთავრობამ მათ ჰესის მშენებლობაზე ერთი წლის განმავლობაში მორატორიუმი შესთავაზა, თუმცა აქციის მონაწილეების თქმით, მოსამზადებელ სამუშაოები არ გაჩერებულა.

პროტესტის თავდაპირველი ადგილი სოფელი ნამოხვანია, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი ნამახვანჰესის მშენებლობას უწყვეტად აპროტესტებენ. მათ ადგილზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.

ისინი ამბობენ, რომ ეკოლოგიური საფრთხის გარდა, მთავრობამ მშენებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობის აქტივისტებისგან განსხვავებით, ნამახვანჰესის კასკადის აუცილებლობასა და წარმატებაზე საუბრობს ხელისუფლება. ეკონომიკის სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია, რომ ეს პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ და უსაფრთხოებისკენ ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია.

რიონის ხეობაში ჰესს კომპანია ენკა აშენებს. ENKA აცხადებს, რომ ნამახვანჰესის პროექტი დეტალურადაა შესწავლილი და რაიმე საფრთხეს მოსახლეობისთვის ან ხეობისთვის არ წარმოადგენს.

გაიგე მეტი: