მსოფლიოს უდიდესმა საძიებო სისტემამ, გუგლმა, ტრადიციას არც წელს უღალატა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ნაცნობი დუდლით მიულოცა. მასზე დაწკაპების შემთხვევაში ვებსაიტი სტუმარს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ გუგლში მოძიებულ ინფორმაციაზე გადაამისამართებს.

ფოტო: Google

დუდლის აღწერაში გუგლი ქართულ მემკვიდრეობაზე ამახვილებს ყურადღებას და თავისუფლების სადღეგრძელოსაც კი წარმოთქვამს.

"ყოველი წლის 26 მაისს, სამშობლოსა და მის გარეთ მყოფი ქართველები აღნიშნავენ დღეს, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესაქმნელად ერმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დღევანდელი დუდლი, რომელზეც ქარში ამაყად მოფრიალე თეთრ-წითელი ჯვრიანი დროშაა გამოსახული, ამ ღირსშესანიშნავ ისტორიულ დღეს ეძღვნება.

ამ დღეს ქართულ ისტორიასა და კულტურას საჯარო და კერძო ღონისძიებებით აღნიშნავენ. ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში, დღესასწაულის ზეიმი, ჩვეულებისამებრ, ფიცის დადებით იწყება, რის შემდეგაც საქართველოს თავისუფლებისათვის პატივის მისაგებად ოფიციალური პირები სიტყვით გამოდიან.

მეგობრები და ოჯახის წევრები ამ დღეს ტრადიციული ქართული ნადიმით აღნიშნავენ, რომელსაც სუფრა ეწოდება. ნადიმს უძღვება სადღეგრძელოების ოსტატი — თამადა. სადღეგრძელოები ჯერ სამშობლოზეა, შემდეგ კი, როგორც წესი, სუფრასთან მჯდომ ყველაზე პატივსაცემ სტუმარზე. ქართული სტუმართმოყვარეობა მსოფლიოში განთქმულია, რადგან მასპინძლები ცდილობენ, სტუმრის სასმისი (რომელიც ხშირად ვერძის რქა ან თიხის თასია) ცარიელი არ დარჩეს.

ასე რომ, თავისუფლების სადღეგრძელო შევსვათ — დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, საქართველო!

წელს გუგლის დუდლი მცირედით შეიცვალა — მასზე კვლავ მოჩანს საქართველოს მოფრიალე დროშა, თუმცა, უკანა ფონზე ღრუბლები უფრო მკვეთრი და "ფუმფულაა". მსგავსი დუდლი გამოიყენა გუგლმა მისალოცად გასულ წელსაც, მაგრამ მანამდე, 2018 წელს, დროშის ფონზე ღრუბლების ნაცვლად თოვლიანი მთები მოჩანდა, რაც, სავარაუდოდ, კავკასიონის სიმბოლო იყო.

დამოუკიდებლობის დღის მისალოცი დუდლი 2020 წელს.

ფოტო: Google

დამოუკიდებლობის დღის მისალოცი დუდლი 2018 წელს.

ფოტო: Google

გუგლი, რომელიც 1997 წელს გაეშვა, მსოფლიოში უდიდესი საძიებო სისტემაა. მასზე ინტერნეტში განხორციელებული ძიებების 92 პროცენტი მოდის. ამასთან, ის ყველაზე გამოყენებადი ვებსაიტიცაა — გუგლს, რომელიც 100-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი, ყოველთვიურად, საშუალოდ, 18 მილიარდჯერ სტუმრობენ.