საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვაში მაკრონი ზურაბიშვილს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საფრანგეთის ურყევ ერთგულებასაც უდასტურებს.

"გასულ წელს, რეგიონში ვითარების ხელახალი გაუარესება აღინიშნა, რაც თქვენი ქვეყნისთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს. იმ კონტექსტში, როცა რეგიონის ძლიერ სახელმწიფოებს თავიანთი გავლენის სფეროს გაფართოების სურვილი აქვთ, საქართველომ შეძლო, დაემტკიცებინა დამაჯერებელი სვლა დემოკრატიის, ევროკავშირთან და NATO-სთან დაახლოებისა და რეფორმების გაგრძელების გზაზე.

ამ მხრივ, მოხარული ვარ, რომ თქვენი ქვეყნის პოლიტიკური ძალები დათანხმდნენ, შეერთებოდნენ ევროპული მედიაციის საფუძველზე შემოთავაზებულ კომპრომისულ შეთანხმებას, რომლის სხვადასხვა დებულება განხორციელების პროცესშია. ვიცი იმ დადებითი როლის შესახებ, რომელიც თქვენ ითამაშეთ მის მიღებაში და მსურს, ეს მოგილოცოთ", — წერს მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას საფრანგეთის მხარდაჭერას პანდემიით გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ უცხადებს.

"როგორც მოგეხსენებათ, 2021 წელი მნიშვნელოვანი წელია ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რადგან ამ წელს აღინიშნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობის შემდეგ გადასახლებული ქართველების საფრანგეთში ჩამოსვლის ასი წლისთავი. ვისურვებდი, რომ პატივი მიგვეგო ჩვენი საერთო ისტორიის ამ მოვლენისთვის, რომელიც ადასტურებს ჩვენი ორი ხალხის გამაერთიანებელ, ნდობისა და მეგობრობის განსაკუთრებულ კავშირს.

ასევე, გამოვთქვამ სურვილს, რომ უკვე სამაგალითო ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა განახლდეს "ამილახვარის" სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში, რომელიც გავხსენით 2019 წლის თებერვალში, თუმცა, რომლის ბოლო რაუნდიც ჯანდაცვის კრიზისის გამო ვერ გაიმართა", — ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის წერილში.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის 103-ე წლისთავს აღნიშნავს.

გაიგე მეტი: