ყოველი წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ეს ქვეყნის ეროვნული დღესასწაულია, რითაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას ვზეიმობთ. 1918 წლის 26 მაისს კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, თავისი უკანასკნელი სხდომა ჩაატარა ამიერკავკასიის სეიმმა, რის შედეგადაც ის დაშლილად გამოცხადდა. იმავე დარბაზში შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 5 საათსა და 10 წუთზე ერთხმად დაამტკიცა "საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი".

საქართველოს დამფუძნებელთა კრების წევრები მაშინდელი მოწინავე ქართველი პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და ცნობილი სახეები იყვნენ. ამ ადამიანებში შედიოდნენ ქართველი მეცნიერებიც, რომლებმაც ქვეყნის თავისუფლებისთვის ბევრი გააკეთეს და დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერებიც არიან. სტატიაში სწორედ ამ მეცნიერებზე და მათ მოღვაწეობაზე მოგიყვებით.

ექვთიმე თაყაიშვილი

ექვთიმე თაყაიშვილი 1862 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში დაიბადა. ის გახლდათ ისტორიკოსი, არქეოლოგი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და ამიერკავკასიაში პირველი უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ექვთიმე თაყაიშვილის სახელს უკავშირდება საქართველოში ჩატარებული მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ექსპედიციები. 1907 წელს მისი თაოსნობით დაარსდა "საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება", რომლის მიზანი საქართველოს ისტორიის, მისი ხალხის ყოფა-ცხოვრების, ხელოვნების ძეგლების შესწავლა იყო. საბჭოთა ოკუპაციამდე ამ საზოგადოების თავჯდომარე თავად ექვთიმე თაყაიშვილი გახლდათ.

ძალიან დიდია ექვთიმეს ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. ის უნივერსიტეტში ერთ-ერთ პირველი პროფესორად დაინიშნა. ამასთან, ექვთიმე თაყაიშვილი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მისი ხელმოწერა დაფიქსირებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე.

ქრისტინე შარაშიძე

ქრისტინე შარაშიძე 1889 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში — ბახვში დაიბადა. ის საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი და პირველი ქართველი ქალი ლექტორი იყო. მან კითხვა ოთხი წლის ასაკში ისწავლა და ბავშვობიდან სწავლის მიმართ ინტერესით გამოირჩეოდა.

1915 წელს საცხოვრებლად გადავიდა თბილისში და ჩაირიცხა ქალთა უმაღლესი კურსების საისტორიო დარგზე, პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1917 წელს აირჩიეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრად, ხოლო 1918 წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი კომიტეტის წევრი.

მისი სამეცნიერო საქმიანობა საკმაოდ ფართოა. 1927-1931 წლებში იყო საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმის საბიბლიოთეკო განყოფილების გამგე. 1932 წელს მისი ორგანიზებით მოეწყო ქართული ნაბეჭდი წიგნის გამოფენა. 1934 წელს ჩაირიცხა უნივერსიტეტის შტატში. იყო პირველი ქართველი მეცნიერი, რომელმაც უცხოელ მეცნიერებს, კერძოდ სტოკჰოლმის სამეფო ბიბლიოთეკის მკვლევარს ბიორკბომმს, მიაწოდა ინფორმაცია ქართული შრიფტის შესახებ. ასევე, მას ეკუთვნის მნიშვნელოვანი შრომები ქართული ბეჭდვითი სიტყვის ისტორიის შესახებ.

სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად ის პოლიტიკურადაც აქტიური იყო, განსაკუთრებით 1921 წლამდე. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელ კრებაში, როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. შარაშიძემ კრების პრეზიდიუმის წევრისა და მდივნის თანამდებობა დაიკავა, იყო განათლების კომისიის წევრი. ამ აქტივობების ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე მისი ხელმოწერაცაა.

ვარლამ შერვაშიძე

ვარლამ შერვაშიძე დაიბადა 1888 წელს აფხაზეთში, სოფელ ოხურეიში. უმაღლესი განათლება მიიღო ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. ის გახლდათ საზოგადო მოღვაწე, ექიმი და მეცნიერი. მის სახელს ატარებდა ქალაქ სოხუმის მეორე საავადმყოფო და გახლდათ აფხაზეთის დამსახურებული ექიმი. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქირურგიული სფეროს განვითარებაში და იყო მედიცინის მეცნიერებათა პროფესორი.

ამასთან, ის პოლიტიკურადაც აქტიურობდა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აფხაზეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე გახდა. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მისი ხელმოწერაც ამშვენებს.

შალვა ნუცუბიძე

შალვა ნუცუბიძე 1888 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში დაიბადა. ის იყო ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, კულტურის ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

შალვას 1915 წელს ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის წოდება მიენიჭა, ხოლო 1916-1918 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის ლექტორი იყო. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელიცაა. მას დიდი წვლილი ეკუთვნის ფსევდო-დიონისე არეოპაგელისა და ცნობილი ქართველი მოღვაწის პეტრე იბერის იდენტობის საკითხის კვლევაში.

ცნობილია აგრეთვე მისი კვლევები ესთეტიკის, ქართული კულტურის ისტორიის სხვადასხვა საკითხზე, ბერძნული "ბალავარიანის" ქართული წარმომავლობის შესახებ და ა.შ.

პოლიტიკური აქტივობების გამო, 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ მუდმივად განიცდიდა დევნას საბჭოთა რეჟიმის მხრიდან. საბჭოთა ოკუპაციამდე კი, 1919-1921 წლებში, იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან.

გრიგოლ ნათაძე

გრიგოლ ნათაძე დაიბადა 1878 წელს გორის მაზრის სოფელ კასპში. ის იყო ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. 1907 წელს ექსტერნად დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. ის მალევე დაბრუნდა თბილისში სადაც 1912 წელს "სახალხო უნივერსიტეტში" კითხულობდა ლექციებს და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს.

1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში, ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას და მოღვაწეობა აკადემიურ სფეროში გააგრძელა. 1926 წელს აირიჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად, მუშაობდა მსოფილო ისტორიის და პედაგოგიურ ფაკულტეტებზე. 1941 წელს მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის სტატუსი.

ივანე გომართელი

ივანე გომართელი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისაში 1875 წელს დაიბადა. ის იყო ექიმი, მაგრამ ამასთან ერთად წერდა აქტიურად, გახლდათ კრიტიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე.

1894 წელს ის მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, პარალელურად სწავლობდა ფსიქოლოგიას, ისტორიას, ლიტერატურას, ფილოსოფიას და დაიწყო პუბლიცისტური საქმიანობა. 1900 წლის თებერვლიდან 1902 წლამდე ექიმად მუშაობდა და ქართულ პერიოდულ პრესაში სისტემატურად აქვეყნებდა პოპულარულ წერილებს სამედიცინო საკითხებზე. 1902 წლიდან გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი.

ამის პარალელურად ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. 1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით გახდა დამფუძნებელი კრების წევრი. თუმცა, 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ლიტერატურულ მოღვაწეობაზე და საექიმო პრაქტიკაზე გადაერთო.