საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 104 260 კგ შოკოლადსა და 125 კგ კარამელის კანფეტს ყიდულობს. შოკოლადის ნაწარმის და კარამელის კანფეტის შესაძენად ტენდერი 22 თებერვალს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 058 989 ლარია.

შესყიდვის დაფინანსების წყარო 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისა და BP-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული გრანტია.

სატენდერო დოკუმენტებით ირკვევა, რომ ტენდერი შსს-ს დაქვემდებარებული სამი უწყებისთვის გამოცხადდა. ტკბილეული უწყებებზე ასე გადანაწილდება:

  • ლოჯისტიკის დეპარტამენტი – 76 260 კგ შოკოლადი და 110 კგ კარამელი;
  • სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი – 5 500 კგ შოკოლადი და 15 კგ კარამელი;
  • სასაზღვრო პოლიცია – 22 500 კგ შოკოლადი.

ხელშეკრულების შემდეგ, ლოჯისტიკისა სტრატეგიული მილსადენის დაცვის დეპარტამენტები ტკბილეულს ყოველთვიურად მიიღებენ, სასაზღვრო პოლიცია კი სამ თვეში ერთხელ.

ტენდერში მონაწილეთა წინადადებების მიღება 10 მარტს იწყება და 15 მარტს სრულდება. სატენდერო წინადადების მიხედვით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2015 1 იანვრიდან არანაკლებ ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა ორგანიზაციაში ადამიანისთვის საკვებად საჭირო სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტების მიწოდების გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

იგივე მომსახურების შესაძენად შსს-მ ტენდერი 2016 წლის 21 დეკემბერსაც გამოცხადა. თუმცა, წინადადებების მიღება ისე დამთავრდა, რომ შეთავაზებები არ მიუღია. მაშინ, შსს-ს სურდა 10 ტონით მეტი (114 ტონა) შოკოლადისა და 125 კგ კარამელის უფრო ნაკლებ თანხად, 1 026 750 ლარად შეძენა. თუმცა, ამ ტენდერით მომსახურების ვერ შესყიდვის შემდეგ, შემცირდა შოკოლადის მოცულობა და გაიზარდა ღირებულება.

განახლება: შესყიდვასთან დაკავშირებით, On.ge შსს-ს პრესსამსახურს 27 თებერვალს დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაუკავშირდა. შსს-მ კი, დღის ბოლოს განცხადება გაავრცელა. უწყებამ განმარტა, რომ შოკოლადსა და კარამელის კანფეტს სამინისტროს თანამშრომლებისთვის ყიდულობს.