ტურისტების მოსაზიდად ტურიზმის ადმინისტრაციას საქართველოში ცნობილი ინფლუენსერები და ბლოგერები ჩამოჰყავს. უწყების ინფორმაციით, 26 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით ამერიკული პლატფორმა Steller-ის საშუალებით Facebook-ის, Instagram-ის, Youtube-ისა და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის პრეს-ტური მოეწყობა. ჯამში საქართველოს 20-მდე ბლოგერი ეწვევა.

"პროექტის ფარგლებში ბლოგერები და ინფლუენსერები როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად ეწვევიან: თბილისს, გუდაურს, სტეფანწმინდას, თრუსოს ხეობას, ქუთაისს, პრომეთეს მღვიმეს, ბათუმს, მესტიას და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილებს.

პრეს-ტურის მონაწილეები სოციალურ ქსელებში პოპულარიზაციას გაუწევენ საქართველოს სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს. პროექტის ფარგლებში სოციალურ ქსელებში საქართველოს მიმზიდველი ადგილებისა და ხალხის შესახებ ასობით ისტორია მომზადდება. შექმნილი მედია პროდუქტი სოციალურ ქსელებთან ერთად Steller-ის ვებ გვერდზე განთავსდება", — აცხადებენ უწყებაში.

მათივე განცხადებით, პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტების მოზიდვას და ქვეყნის ტურისტული ცნობადობის გაზრდას, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, Steller-მა მსგავსი კამპანია 2019 წელს ირლანდიაში გამართა, შედეგად სოციალურ ქსელებში 72 მილიონი ნახვა და რეაქცია მიიღო. მათივე განცხადებით, ღონისძიებას ადმინისტრაცია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით მართავს.