პარლამენტის დეპუტატებს ირაკლი სესიაშვილს, მარიამ ქვრივიშვილსა და სალომე მუჯირს დეპუტატის უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდათ. საკითხს პარლამენტმა კენჭი დღეს უყარა. მათი ადგილმონაცვლეები გელა სამხარაული, მაია კვიციანი და ალექსანდრე რაქვიაშვილი იქნებიან.

ქართული ოცნების დეპუტატები, ირაკლი სესიაშვილმა და მარიამ ქვრივიშვილმა აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლეს. სესიაშვილი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩევლად დაინიშნა, ხოლო ქვრივიშვილი — ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ.

რაც შეეხება სალომე მუჯირს, ის პარლამენტში გირჩის პროპორციული სიით მოხვდა. გირჩი პარტიულ სიებში გენდერულ კვოტირებას არ ეთანხმება და აცხადებდა, რომ სიაში ქალებს მხოლოდ ფორმალურად ჩასვამდა. პარლამენტში მოხვედრის შემდეგ გირჩმა პარტიული სიის ნაწილი ჩახსნა, მუჯირმა კი მანდატზე უარი თქვა. რის შემდეგაც მუჯირის ადგილმონაცვლე ალექსანდრე რაქვიაშვილი გახდება.

პარტიის ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, სალომე მუჯირი მათი მეგობარია, რომელიც მიზნის მიღწევაში დაეხმარათ, რათა რეგულაციებისთვის თავი აერიდებინათ.

"იდიოტური რეგულირებებისთვის როგორც შინაარსით, ასევე, ტექნიკურად. ტექნიკურად იმიტომ, რომ თუ მართლა ამ კანონპროექტს წერდით პარლამენტის წევრები, ექსპერტები და ვიღაცები, რანაირად მოახერხეთ ისე, რომ გირჩს გვერდი აევლო და მიეღწია იმ მიზნისთვის რაც თქვენ კანონში არ ჩაგიდიათ", — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.