იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4-მა კანდიდატმა კანდიდატურები მოხსნეს, რითაც დაჩქარდა ეს პროცესი.

"გუშინ საღამოს მე მივიღე ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან, რომ ბოლო 4-მა კანდიდატმა, რომლებიც უნდა გამოსულიყვნენ გასაუბრებაზე, მოხსნეს კანდიდატურები. ამით დაჩქარდა შემდგომ ეტაპზე გადასვლა აი ამ კონკურსის და არათუ გასაუბრება შეჩერდა, როგორც ითხოვდნენ მხარეები, არამედ კონკურსი გადავიდა შეფასების ეტაპზე, ანუ დღეიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უკვე იწყებენ შეფასებას კანდიდატურების, შეფასება იქნება წერილობითი ფორმის და გამოქვეყნებული იქნება საბჭოს ვებგვერდზე, თუმცა მე არ ვიქნები შემფასებელთა შორის და პროტესტის ნიშნად უარს ვაცხადებ ამ პროცესში მონაწილეობაზე", — განაცხადა ჯანეზაშვილმა.

26 მაისისთვის მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია ჩაინიშნა, სადაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრს, საქართველოს საერთო სასამართლოების სადისციპლინო კოლეგიის 1 მოსამართლე წევრსა და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 5 წევრს აირჩევენ.