ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარული არაინგლისურენოვანი შოუ, La Casa De Papel (Money Heist / ქაღალდის სახლი) სტრიმინგ სერვისზე ახალი სეზონით 3 სექტემბერს დაბრუნდება. ფინალური, მეხუთე სეზონი სულ 2-ნაწილიანი იქნება და მისი მეორე ნაწილი 3 დეკემბერს გამოვა.

შოუ მეხუთე სეზონით სრულდება, რომელიც პანდემიის დროს გადაიღეს. როგორც შოუს შემქმნელი, ალექს პინა ამბობს, 10-ეპიზოდიანი სეზონის 2 ნაწილად გაყოფა გადაწყვიტა, რათა მაყურებელს მათ შორის ის სენსაციის მოლოდინი ჰქონოდა, რომელიც სეზონებს შორის გვხვდება. ის დასძენს, რომ პერსონაჟების ხაზი კიდევ უფრო სასტიკი გახდება და მოვლენების მოულოდნელი განვითარებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.

"მეხუთე სეზონის მეორე ნაწილში კი მეტად ფოკუსირებული ვიქნებით ემოციურ სიტუაციებზე, პერსონაჟებზე და მათ მომავალზე".

მეოთხე სეზონის მიწურულს სიტუაცია ასეთია: მძარცველთა გუნდს ესპანეთის ბანკი 100 საათზე მეტით აქვს დაკავებული და მართალია მათ ლისაბონი გადაარჩინეს, თუმცა გუნდის წევრი დაკარგეს, ხოლო პროფესორი სიერამ დაატყვევა. პირველად მას გაქცევის გეგმა აღარ აქვს. მოლოდინი ჩნდება, რომ ის, რასაც ძარცვა ერქვა, ომად გარდაიქმნება.

ნეტფლიქსმა ანონსთან ერთად პირველი თიზერიც გამოუშვა:

ფინალური სეზონის გადაღებები 13 მაისს დასრულდა, რაც სამსახიობო გუნდმა შემდეგი ტექსტით გვამცნო:

"თავიდან მძარცველები ვიყავით და ბოლოს, ერთ ოჯახად ვიქეცით. ერთი სული გვაქვს, ამბის დასასრული გიჩვენოთ".

ფოტო: Netflix

მეხუთე სეზონისთვის მსახიობთა გუნდს შეუერთდებიან მიგელ ანგელ სილვესტრე (Sense 8) და პატრიკ კრიადო (La Gran Familia Española).

სერიალში კვლავ გამოჩნდებიან მსახიობები: ურსულა კობერო (ტოკიო), ალვარო მორტე (პროფესორი), იციარ იტუნიო (ლისაბონი), პედრო ალონსო (ბერლინი), მიგელ ერანი (რიო), ჯეიმი ლორენტე (დენვერი), ესთერ ასებო (სტოკჰოლმი), ენრიკე არსე (არტურო), დარკო პერიჩი (ჰელსინკი), ჰოვიკ კეუჩკერიანი (ბოგოტა), ლუკა პეროსი (მარსელი), ბელენ კუესტა (მანილა), ფერნანდო კაიო (ლუის ტამაიო), როდრიგო დე ლა სერნა (პალერმო), ნაივა ნიმრი (ალისია სიერა) და ხოსე მიგელ პოგა (განდია).