საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) განცხადებით, ხელისუფლება თავს არიდებს სიძულვილის ჯგუფების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებას. ასე ეხმაურება GDI ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ძალადობრივი ჯგუფების მიერ აქტივისტზე თავდასხმას. GDI მოწუდოებს შსს-ს, გაატაროს სათანადო ზომები.

"ხაზგასასმელია, რომ ეს არ არის გურამ ფალავანშვილთან დაკავშირებული ჯგუფების გააქტიურების და სამოქალაქო პირებზე თავდასხმის პირველი ფაქტი, თუმცა სამწუხაროდ, შსს-ს არც ერთ მსგავს შემთხვევაზე სათანადო რეაგირება არ ჰქონია. აშკარაა, რომ ხელისუფლება თავს არიდებს ე.წ. სიძულვილის ჯგუფების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებას და მათ დასჯას, რითაც კვლავ მშვიდობიან აქტივისტთა სამოქალაქო უფლებები ირღვევა, ხოლო მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ექცევა", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მისულ სირცხვილიას აქტივისტებს, სალომე ბარკერსა და ზუკა ბერძენიშვილს ადგილზე მყოფი ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წევრები დაუპირისპირდნენ. ალექსანდრე ფალავანდიშვილი აქტივისტს პროვოკატორს უწოდებდა, უყვიროდა და ლგბტ სამკლაურის მოხსნას მოითხოვდა.

რიონის ხეობის მცველების მაისურებით მყოფმა პირებმა კორიდორი გააკეთეს, რომ აქტივისტებს ტერიტორია დაეტოვებინათ. ამ დროს ერთ-ერთი მათგანი აქციის მონაწილებს მიმართავდა: "პროვოკაციაზე ნუ ყვებით. გაუშვით არაფერი ხდება".

როგორც სირცხვილიას აქტივისტებმა აღნიშნეს აქციაზე ჰესის მშენებლობის მოწინააღდეგეთა მხარდასაჭერად იყვნენ მისული, რადგან ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და პროტესტის მხარდაჭერას აპირებდნენ. ბარკერმა განაცხადა, რომ ამ სამკლაურს უკვე ორი წელია ატარებს და "პროვოკაციისთვის" არ გაუკეთებია და არც მის მოხსნას აპირებს.

აქტივისტები დაპირისპირებული ჯგუფებიდან პოლიციამ გამოიყვანა. საბოლოოდ მათ აქცია დატოვეს.

აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა მომხდარი ინციდენტის შეფასებისას დაპირისპირების მიზეზად ლგბტ სამკლაური წარმოაჩინა და არა აგრესიული ჯგუფები. მან ზოგადად ძალადობა და იქ მომხდარი დაპირისპირება დაგმო, თუმცა განაცხადა, რომ "გამომწვევი მიზეზი" შეიძლება სიმბოლიკა გახდეს.

გოლეთიანს სიმბოლიკის გამოყენებაზე განცხადება აქამდეც გაუკეთებია, თუმცა პარტიული სიმბოლიკის გამოყენებას კრძალავდა და ამბობდა, რომ არ სურდა პროტესტი რომელიმე პარტიასთან ყოფილიყო ასოცირებული. გუშინ, 23 მაისს გამართულ აქციაზე მყოფებს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო დროშებისა და პირველი რესპუბლიკის დროშების მიტანა შეეძლოთ. მათი დიდი ნაწილი ადგილზე მისული იყო ჯვრებით, ხატებითა და სხვა ქრისტიანული სიმბოლიკით.