ჯონჯო მაკფადენი ანგლო-ირლანდიელი გენეტიკოსი და მწერალია. მისი კვლევები მრავალფეროვან საკითხებს მოიცავს. პროფესორ მაკფადენს გამოქვეყნებული აქვს მრავალი გავლენიანი სტატია სამეცნიერო ჟურნალებში ბაქტერიების გენეტიკაზე, ტუბერკულოზე, კვანტურ ბიოლოგიაზე, იდიოპათიურ დაავადებებზე, ევოლუციის კომპიუტერულ მოდელებზე და ცნობიერებაზე. პროფესორმა მაკფადენმა გამოიგონა მენინგიტის დიაგნოსტირების სწრაფი PCR ტესტი, რომელიც ამჟამად რუტინულად გამოიყენება. მისი ამ გამოგონების გარეშე ათასობით პაციენტს ამ ფატალური დაავადების დიაგნოსტირება და დროული მკურნალობა დაუგვიანდებოდა.

გასული ოცი წლის განამავლობაში პროფესორი მაკფადენი განსაკუთრებული ინტენსივობით მუშაობს ორ საკითხზე: კვანტურ ბიოლოგიაზე და ცნობიერების ნეირობიოლოგიაზე. მისი წიგნებია "კვანტური ევოლუცია" (2011), "ადამიანის ბუნება: ფაქტები და ფიქცია" (2006) და ფიზიკოს ჯიმ ალ-ხალილისთან თანაავტორობით დაწერილი "სიცოცხლე ზღვარზე: კვანტური ბიოლოგიის ხანა" (2014). განსაკუთრით საინტერესოა მისი თეორია ცნობიერების შესახებ, რომლის თანახმადაც ცნობიერება ადამიანის ტვინის ელექტრომაგნიტურ ველში კოდირებულ ინფორმაციას წარმოადგენს. ამ ინტერვიუში პროფესორ მაკფადენს სწორედ ამ ორი ძირითადი საკითხის შესახებ ვესაუბრე.

პროფესორო მაკფადენ, დავიწყოთ კვანტური ბიოლოგიის ისტორიული მიმოხილვით. რა იყო შროდინგერის და პასკალ ჯორდანის მთავარი მიგნებები, რამაც საფუძველი ჩაუყარა კვანტური ბიოლოგიის დარგს?

კვანტური ბიოლოგია მეოცე საუკუნის ადრეულ წლებში წარმოიშვა, როგორც მცდელობა, მიესადაგებინათ მეოცე საუკუნის დასაწყისში აინშტაინის, ბორის და შროდინგერის მიერ აღმოჩენილი ფიზიკის პრინციპები სიცოცხლისთვის. მაშინ ჯერ კიდევ ითვლებოდა, რომ სიცოცხლე იდუმალი მოვლენა იყო და არსებობდა ზოგადი განცდა, რომ ეს იყო თავსატეხი, რომელსაც შესაძლოა კვანტური მექანიკა სჭირდებოდა. იმ დროისთვის ეს საკმაოდ ბუნდოვანი იდეა იყო, მაგრამ შემდეგ მკვეთრ ფოკუსში მოექცა ისეთი მეცნიერების მიერ, როგორებიც იყვნენ ერვინ შროდინგერი და პასკალ ჯორდანი.

პასკალ ჯორდანი, სავარაუდოდ, პირველი იყო. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ რაც აქცევდა სიცოცხლეს მგრძნობიარედ (susceptible) კვანტური მექანიკის გავლენების მიმართ იყო, რომ მასში მონაწილეობდა მოლეკულების მცირე რაოდენობა და რადგან საქმე გვაქვს მოლეკულების მცირე ოდენობასთან, გარდაუვლად აწყდები კვანტური მექანიკის წესებს, კლასიკურის ნაცვლად, როგორიც თერმოდინამიკაა, რომელიც დამოკიდებულია მოლეკულების დიდ რაოდენობაზე.

ერვინ შროდინგერმა უფრო შორს განავითარა ეს იდეა და მიუსადაგა ის მემკვიდრეობითობას. ის დაინტერესებული იყო მემკვიდრეობითობის საფუძვლებით და გამოთვალა გენის ზომა. მისი გამოთვლებით ეს რიცხვი შედარებით მცირე იყო და ამიტომ მან დაასკვნა, რომ სიცოცხლის კანონები, გნებავთ, სიცოცხლის კანონზომიერ ქცევა, ვერ აიხსნებოდა კლასიკური კანონებით, რადგან გენებში ხელმისაწვდომია ნაწილაკების ძალიან მცირე რაოდენობა და ასეთი მცირე რიცხვით, ადგილი ექნებოდა ბევრ სტოქასტიურ ვარიაციებს.

შემდგომ, მან გამოთქვა ვარაუდი, რომ გენებს აქვთ სტაბილურობა და განსაზღვრულობა კონკრეტული მახასიათებლების კოდირების თვალსაზრისით, რადგან საფუძველი აქვთ კვანტური მექანიკის დონეზე. მაგალითად, ატომების ელექტრონების ორბიტალები კარგადაა განსაზღვრული, ზუსტია და ერთსა და იმავედ რჩება მილიონობით წლის განმავლობაში. ამრიგად, მემკვიდრეობითობა, მისი სპეკუალციის თანახმად, დაფუძნებულია კვანტურ მექანიკურ სისტემაზე, რაღაცაზე, რასაც მან აპერიოდული კრისტალი უწოდა, რომელსაც კრისტალის მუდმივობა აქვს, მაგრამ კოდირებს ინფორმაციას ცოცხალ არსებებში.

შეგიძლიათ აგვიხსნათ, რა კავშირშია კვანტური მექანიკის გადახლართულობის (entaglement), კვანტური ტუნელირების (tunelling) და ტალღა-ნაწილაკის დუალურობის (wave-particle duality) ცნებები ევროპული რობინის მიგრაციასთან, ენზიმების ფუნქციონირებასთან და ფოტოსინთეზთან, შესაბამისად? ესენია, როგორც ვხვდები, ყველაზე კარგად გამყარებული მაგალითები, სადაც კვანტური მექანიკის ფენომენებს გავლენა აქვთ ბიოლოგიურ სისტემებზე.

ბევრი ათწლეულის შემდეგ, რაც შროდინგერმა დაწერა თავისი საკმაოდ პოპულარული წიგნი "რა არის სიცოცხლე?" სადაც გამოთქვა ვარაუდი, რომ სიცოცხლის ზოგიერთი ასპექტი დაფუძნებულია კვანტურ მექანიკაში, კვანტური ბიოლოგიის მეცნიერება, ასე ვთქვათ, დაღმავლობის ფაზაში შევიდა. აღარავინ იკვლევდა მას, მოლეკულურმა ბიოლოგიამ ჩაანაცვლა ის სიცოცხლის მექანიზმების გამოკვლევაში და ასე იყო ათწლეულების განმავლობაში, ვიდრე გვიან 90-ებში ან 2000-იანებში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა არ გამოავლინა ბიოლოგიის ასპექტები, რომლებიც მხოლოდ კვანტური მექანიკით შეიძლება აიხსნას და სავარაუდოდ, პირველი ასეთი მაგალითი იყო ენზიმების მოქმედება.

ენზიმები ბიოლოგიის ძირითადი სამუშაო ძალააა, ისინი წარმართავენ ყველა ბიოქიმიურ რეაქციას, წარმოქმნიან ყველა ბიომოლეკულას პლანეტაზე. ასე რომ, ისინი უკიდურესად მნიშვნელოვნები არიან, მაგრამ როგორ მუშაობენ ისინი იდუმალებით იყო მოცული. ისინი უკიდურესად ქმედითი კატალიზატორები არიან, მათ შეუძლიათ გაზარდონ რეაქციის სიჩქარე 10^20 ხარისხით. ეს რიცხვი უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, შენი სიჩქარით გაზრდა ამ რიცხვით რომ შეგეძლოს, სამყაროს მეორე ბოლოში წამებში გახვიდოდი. ეს არის აჩქარების ექსტრაორდინალურად მაღალი დონე, რასაც ენზიმები აძლევენ ქიმიურ რეაქციებს. როგორ აკეთებენ ისინი ამას? ეს იდუმალებით იყო მოცული.

1970-იან წლებში აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი ენზიმის მუშაობაში მონაწილეობს ელექტრონული ტუნელირება. ტუნელირება კვანტურ მექანიკური ფენომენია, სადაც ნაწილაკი სივრცის ერთ ნაწილში ქრება და სივრცის მეორე ნაწილში ჩნდება ისე, რომ მათ შორის ადგილებს არ ეწვევა. პირველად ეს აღმოაჩინეს სუნთქვაში,1970-იანებში და შემდეგ 1990-იანებში მეცნიერებმა, როგორებიცაა ჯუდით კლინმანი და ნაიჯელ სკრუტონი. მათ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში ჩაატარეს ექსპერიმენტები, სადაც აჩვენეს, რომ პროტონებსაც აქვთ ტუნელირების უნარი — გაქრნენ სივრცის ერთ წერტილში და გაჩნდნენ მეორეში — ზოგიერთი ენზიმის მექანიზმში და ამან შეიძლება ახსნას, ან ნაწილობრივ ახსნას, თუ როგორ აქვთ ენზიმებს ექსტრემალური ქმედითობა.

არსებითად ტუნელირება არაეფექტურია, თუ ნაწილაკის საწყისი მდებარეობა და საბოლოო მდებარეობა ერთმანეთთან ახლოს არ მდებარეობს. ტუნელირება არ ხდება, თუ ისინი ახლოს არ არიან, რადგან ამ შემთხვევაში იარსებებს დიდი ენერგეტიკული ბარიერი ორ წერტილს შორის. ენზიმი აკეთებს იმას, რომ სუბსტრატებს იმდენად აახლოებს ერთმანეთთან, რომ ნაწილაკებს, როგორებიცაა ელექტრონები და პროტონები, შეუძლია ტუნელირება ერთი პოზიციიდან მეორეში — გაქრეს ერთ პოზიციაში და გაჩნდეს მეორეში, მათ შორის ადგილებში ყოფნის გარეშე და ეს შეიძლება განსაზღვრავდეს მეტწილად ენზიმების მუშაობას და ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ორივე — პროტონები და ელექტრონები აკეთებს ამას ენზიმებში.

შემდეგ, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ფოტოსინთეზი მოიცავს კვანტური კოჰერენტულობის ფენომენს, სადაც კვანტური მექანიკის ნაწილაკები, ელექტრონი და პროტონი, ერთდროულად რამდენიმე ადგილას შეიძლება იყოს. ისინი არსებითად იქცევიან, როგორც ტალღები და ეს მიუსადაგეს ფოტოსინთეზის თავსატეხს.

ფოტოსინთეზი პლანეტაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ბიოქიმიური რეაქციაა, რადგან ის წარმოქმნის პლანეტის სრულ ბიომასას. მცენარეები წარმოქმნიან ბიომასას ნახშირბადის, წყალბადის, ჟანგბადის და სხვა ელემენტების თავმოყრით, პლიუს მზის სინათლე და გარდაქმნიან ამას შაქრებად, ბალახებად, ხეებად და შემდეგ ცხოველები იკვებებიან ამ ბიომასით. ამიტომ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რეაქციაა მთელ ბიოსფეროში და სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი რეაქციაც კი, იქიდან გამომდინარე, რომ სიცოცხლეს მხოლოდ ჩვენ პლანეტაზე ვიცნობთ და მას თან ახლავს თავსატეხი, რამდენიმე თავსატეხიც კი, ვინაიდან ფოტოსინთეზი ყველაზე რთული რეაქციაა.

ფოტოსინთეზი მოიაზრებს პიგმენტს, ქლოროფილს რომელიც დაიჭერს სინათლის ფოტონს და შემდეგ მიიტანს მას ადგილას, რომელსაც რეაქციის ცენტრი ეწოდება, სადაც ფოტონის ენერგია ქიმიურ ენერგიად გარდაიქმნება და ქიმიური ენერგია იწვევს ნახშირორჟანგის ფიქსაციას და წამორქმნის შაქრებს და სხვა მოლეკულებს.

ამრიგად, რეაქციის პირველ ნაბიჯში ფოტონის ენერგიის დაჭერა ხდება და შემდეგ ენერგია უნდა გადაეცეს რეაქციის ცენტრში. თუ კლასიკურად შევხედავთ, ეს ტრანსპორტი გულისხმობს ჰაბებს და პრობლემა ამ პროცესში ისაა, რომ თუ ის ძალიან სწრაფად არ ხდება, ენერგია დაიკარგება სითბოს ან ფლუორესცენციის სახით. თავსატეხი იყო, რომ ფოტოსინთეზში, რომელიც ეს უნდა ყოფილიყო არაქმედითი, უკიდურესად ქმედითი იყო, 100%-თან იმდენად ახლოს, რამდენადაც შეგვიძლია გავზომოთ. ოპტიმალური მდგომარეობა. თავსატეხი იყო ის, თუ რატომ იყო ასე ქმედითი, ენერგია უნდა დაკარგულიყო ფოტონის დაჭერასა და მიტანის პროცესებს შორის, მაგრამ არ იკარგებოდა. როგორ ხდება, რომ ასე ეფექტურად ხდება მისი დაჭერა და შემდეგ ტრანსპორტირება. ენერგიის ტრანსპორტის ეს რეაქცია აჩვენა აშშ-ში მეცნიერმა გრეგ ენგორმა, როდესაც მან ლაზერი მიანათა სისტემას და შემდგომ, ამ სინათლის ანალიზი ჩაატარა, რომელიც აირეკლა ფოტოსინთეზში მყოფმა სისტემამ, როდესაც რეაქცია მიმდინარეობდა. მან აღმოაჩინა, რომ ტრანსპორტის პროცესი ფოტონის დაჭერასა და ტრანსპორტს შორის ტალღისმაგვარი იყო და არა ნაწილაკისმაგვარი. ენერგია გადაეცემა ერთი ადგილიდან მეორეში, როგორც ტალღა, რომელიც ყველა მიმართულებით მოძრაობს და ამგვარად შეუძლია იპოვოს საუკეთესო გზა რეაქციის ცენტრამდე და ამას შეუძლია ახსნას ფოტოსინთეზის ქმედითობა, ნაწილობრივ მაინც. ეს იყო ერთ-ერთი გამოვლინება რეაქციაში, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია პლანეტაზე, როგორც ჩანს კვანტური კოჰერენტულობის ფენომენების მეშვეობით მუშაობს. როდესაც ნაწილაკი იქცევა, როგორც ტალღა, ამას კვანტურ კოჰერენტულობას ვუწოდებთ. ეს კვანტური მექანიკის მახასიათებელია, მხოლოდ არაკლასიკური სისტემების.

ეს იყო მეორე დიდი გამოცხადება და მესამე იყო ფრინველების ნავიგაცია. ექსპერიმენტებმა, რომლებიც ამ საუკუნის დასაწყისში ჩაატარეს, აჩვენეს, რომ ფრინველებს შეუძლიათ ნავიგაცია კომპასის მეშვეობით, მათ აქვთ რაღაც ტიპის კომპასი, მაგრამ თავისებური კომპასი იმ აზრით, რომ იყენებენ სინათლეს, განსხვავებით ჩვეულებრივი კომპასისგან, რომელსაც სინათლე არ სჭირდება... ეს ერთი უცნაური თვისებაა. მეორეა, რომ ის მიუთითებს უახლოეს პოლუსისკენ და არ აინტერესებს, რომელი პოლუსია. ამ თვისებების ასახსნელად, ასევე ზოგად კითხვაზე პასუხის გასაცემად, საჭიროა იცოდე, როგორ უნდა მიიღო კომპასი ცოცხალი ხორცისგან, რომელიც სენსიტიურია დედამიწის მაგნიტური ველის მიმართ, რომელიც უკიდურესად სუსტი მაგნიტური ველია.

ჩვეულებრივი კომპასის შემთხვევაში კომპასს აქვს ძალიან მსუბუქი ისარი და მოთავსებულია ხახუნის არმქონე ღერძზე, რათა შეძლოს მოძრაობა და ჩრდილოეთი აჩვენოს. როგორ უნდა გააკეთო ეს ცოცხალ ორგანიზმში და რა კავშირშია ამასთან სინათლე. ეს თავსატეხი იყო, ვიდრე ამერიკელმა მეცნიერმა, ორნიტოლოგიის მკვლევართა წყვილთან ერთად არ ჩაატარა ექსპერიმენტები, რომლებმაც აჩვენა, რომ ფრინველების კომპასის თვისებები ძალიან უცნაურია. ეს არის კომპასი, რომელსაც კურსიდან შეუძლია გადაუხვიოს რადიოტალღების გავლენით და ეს მხოლოდ იმით შეიძლებოდა ავხსნათ, რომ ეს არის კომპასი, რომელიც რადიკალური გაწყვილების რეაქციას იყენებს.

ეს რთული კონცეფციაა, ვეცდები გავამარტივო. არსებითად, ზოგიერთ ქიმიურ რეაქციაში ყალიბდება ორი ტიპის მოლეკულა, რადიკალები. ესაა რადიკალები, რომლებსაც აქვთ ერთი ელექტრონი. თითოეულ ელექტრონს, ვინაიდან აქვთ მუხტი და სპინი, ისინი მოძრავი მუხტები არიან, ხოლო მოძრავი მუხტი წარმოქმნის მაგნიტურ ველს. ზოგიერთ ქიმიურ რეაქციაში შენ გაქვს თავისუფალი რადიკალების წყვილი, რომლებიც ერთმანეთთან მაგნიტურად ურთიერთქმედებენ და ეს ურთიერთქმედება სენსიტიურია დედამიწის მაგნიტური ველის მიმართ და ისინი ურთიერთქმედებენ კოჰერენტულობის მეშვეობით და ასევე შესაძლოა, რაც ნაკლებად მკაფიოა, გადახლართულობის მეშვეობით. თავისუფალი რადიკალები გადახლართულია და ავხსნი რას ნიშნავს გადახლართულობა. ეს ძალიან უცნაური ფენომენია კვანტურ მექანიკაში, სადაც ორი ნაწილაკი ურთიერთქმედებს, შეგიძლია დააშორო რამდენითაც გინდა, სამყაროს ბოლოებში, მაგრამ თუ ერთს "ნემსს ჩაარჭობ" მეორე ახტება. ეს კვანტური მექანიკის ყველაზე უცნაური თვისებაა. ობიექტები, რომლებიც დიდი მანძილითაა დაშორებული, მაინც დაკავშირებულები არიან ერთმანეთთან, თუ ერთს გაზომავ, მეორე ირეაგირებს. ეს იმდენად იდუმალი თვისებაა, რომ აინშტაინმა, რომელმაც მოგვცა შავი ხვრელები და სივრცე-დროის გამრუდება, ვერ დაიჯერა გადახლართულობა — რომ ნაწილაკები, რომლებიც განცალკევებულია მაინც ინარჩუნებენ მყისიერ კავშირს მანძილის მიუხედავად.

აინშტაინის ურწმუნობის მიუხედავად, ექსპერიმენტებმა 1970-იანებში და 80-ებში დაადასტურა, რომ გადახლართულობა არსებობს და შეგიძლია მისი დამტკიცება ფოტონებში და ელექტრონებში, ხოლო ფრინველების ნავიგაციის სისტემის ასახსნელად ეს გადახლართული რადიკალური წყვილები გჭირდება. გადახლართულობა მონაწილეობს კომუნიკაციაში, როგორ ხდება დედამიწის მაგნიტური ველის დეტექცია და ეს არის ამ სფეროს ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ჯერ კიდევ წინააღმდეგობრივია, მაგრამ ითვლება, რომ ამას როლი აქვს ფრინველების ნავიგაციაში. ეს რადიკალური წყვილების სისტემა სხვა ბიოლოგიურ პროცესებშიც მონაწილეობს: ბიოლოგიის ბევრი ასპექტი, მაგალითად, ემბრიონულ განვითარებას მაგნიტური ველის გავლენა შეიძლება ჰქონდეს, ასევე ჭრილობის შეხორცებას. საუკეთესო ვარაუდია, რომ ბიოლოგიის ბევრი სხვა თვისება, სადაც თავისუფალი რადიკალები მონაწილეობს, შეიძლება სენსიტიური იყოს მაგნიტური ველის მიმართ, რადიკალური წყვილის მექანიზმის მეშვეობით, რომელიც ფრინველებში აღმოაჩინეს და პასუხისმგებელია მათ კომპასზე. ასე რომ რადიკალური წყვილების მექანიზმი, ასე ვთქვათ, დიფუზიას განიცდის და ადგილს პოულობს ბიოლოგიის ბევრ სხვა ასპექტებში.

კიდევ ერთი მაგალითი, რომლითაც მე და ჯიმ ალ ხალილი ვართ დაინტერესებული, როგორც კვანტური ბიოლოგიის შესაძლო წყაროთი, არის მუტაცია. მუტაცია შეიძლება მოიცავდეს პროტონების მოძრაობას დნმ-ის ჯაჭვში და ეს ვარაუდი გამოითქვა მალევე მას შემდეგ, რაც უოტსონმა და კრიკმა აღმოაჩინეს ორმაგი სპირალი და მისი სტრუქტურა. აღმოჩნდა, რომ პროტონები მონაწილეობდნენ დნმ-ის მაკოდირებელ თვისებებში. ასევე, გამოითქვა ვარაუდი, რომ ისინი მუტაციის წყაროს შეიძლება წარმოადგენდნენ, რომ ხდება პროტონის ტუნელირება სწორი პოზიციიდან არასწორ პოზიციაში, რაც იწვევს მუტაციას. ეს 1950-იანებში გამოითქვა და ჯერ კიდევ ვიძიებთ ამ ვარაუდს. კვანტური ბიოლოგია 20 წელზე მეტია დაიძრა და დღემდე ვეძებთ მტკიცებულებებს, რომ კვანტური ტუნელირება მონაწილეობას იღებს მუტაციაში და გარკვეული მტკიცებულებები უკვე დავაგროვეთ. ამრიგად, ბევრი სხვადასხვა კვანტური ბიოლოგიის მიმართულებაა უკვე გვხვდება ისეთ სფეროებში როგორიცაა მხედველობა, ცილების სტრუქტურა და ბევრ სხვადასხვა სფეროში, როგორ მუშაობს წამლები შეიძლება დამოკიდებული იყოს კვანტურ მექანიკაზე და ამრიგად ეს ბიოლოგიის და ფიზიკის მზარდი ახალი სფეროა.

ელექტრომაგნიტური ველი, ბევრი ნეირობიოლოგის მიერ, მეტწილად უგულებელყოფილი იყო, როგორც ეპიფენომენი, რომელსაც არ აქვს მიზეზობრივი გავლენა ცნობიერებაზე, მაგრამ შენი თეორია რაღაც განსხავვებულს ამბობს, რომ ცნობიერება არის ელექტრომაგნიტურ ველში ინტეგრირებული ინფორმაცია, მაინტერესებდა, რა არის ექსპერიმენტული მტკიცებულებები შენი თეორიის სასარგებლოდ?

ამ თეორიას ბევრი მტკიცებულებები აქვს. ის შევიმუშავე იმაზე ფიქრისას, რასაც გაერთიანების/შეკვრის (binding problem) პრობლემას უწოდებენ. ეს არის, მაგალითად, როდესაც ვიზუალურ სცენას უყურებ, ფანჯრიდან იხედები და აღიქვამ ხეს ქარში, ხედავ ფერებს, ფორმებს, ხაზების ორიენტაციას, რომელიც კოდირებულია ტვინის სხვადასხვა ნაწილებში და არ არის ერთი ადგილი, თუ ნეირონებს შეხედავ, სადაც ეს თვისებები ერთად იყრის თავს ხის შესაქმნელად. ყველაფერი დისემინირებულია, ფოთლის ფერები მუშავდება ტვინის ერთ რეგიონში, ფორმა მეორეში. ამ ინფორმაციის დამუშვება საკმარისია რეაქციისთვის, რომ ეს ხეა, მაგრამ არა ცნობიერი გამოცდილებისთვის, სადაც ყველაფერი ყველა ინფორმაცია თავს იყრის ერთ ცნობიერ აღქმაში, მაგალითად ხის და ეს დიდი თავსატეხია, სად იყრის თავს ინფორმაცია.

არსებობს მრავალი თეორია, რომელიც ამის ახსნას ცდილობს, მაგრამ არცერთმა არ ახსნა სათანადოდ და მომაფიქრდა, რომ შეიძლება საკმაოდ მარტივი ახსნა არსებობდეს. ყოველ ჯერზე, როცა ნეირონი იმპულსს ატარებს, ეს მოიცავს იონების მოძრაობას, იონები ელექტრულად დამუხტულია, ნებისმიერი მოძრავი მუხტი კი წარმოქმნის მაგნიტურ ველს, ელექტრომაგნიტურ ველს. ამრიგად, ეს ნიშნავს, რომ ტვინი და ყველა ნეირონი, ასეულობით მილიარდი ნეირონი, რომელიც მუდმივად ატარებენ იმპულსებს, წარმოქმნიან ელექტრომაგნიტურ ინფორმაციის პულსებს ტვინში, ეს პულსები თანხვდება ერთმანეთს და ერთიანობაში ქმნის ტვინის ელექტრომაგნიტურ ველს, რომლის დეტექციაც შეგვიძლია ტექნიკებით, როგორიცაა ეეგ (ელექტროენცეფალოგრაფია), რომელიც ასი წლის წინ აღმოაჩინეს, რომელსაც ტვინის ველის დეტექცია თავის ქალაზე ელექტროდების მოთავსებით შეუძლია და ეს უაღრესად კომპლექსური ელექტრული სტრუქტურაა, როგორც მოსალოდნელი იქნებოდა, რადგან ის ასეულობით მილიარდი ნეირონის იმპულსების გატარების შედეგადაა გენერირებული. ასევე გვაქვს ემგ-ს ტექნიკა, რომელიც გამოიყენება ტვინის მაგნიტური ველის დეტექციისთვის, რომელიც ასევე საკმაოდ კომპლექსური და დინამიური სტრუქტურის მქონეა.

ამრიგად ჩვენ ვიცით, რომ ტვინს ელექტრომაგნიტური ველი აქვს. რაც ვიცით ველის შესახებ ისაა, რომ ის ბუნებით აერთიანებს ინფორმაციას. თუ აღწერ ელექტრომაგნიტურ ველს კვანტური მექანიკის დონეზე, შენ შეგიძლია აღწერო ის, როგორც ერთი შროდინგერის განტოლება, რომელიც აღწერს ამ ველის ყველა თვისებას. ეს ნიშნავს, რომ ტვინის ელექტრომაგნიტურ ველში ყველა ინფორმაცია გაერთიანებულია. რომ შეგეძლოს შემოახტე ფოტონს ამ ელექტრომაგნიტურ ველში, არ ექნებოდა მნიშვნელობა, რომელ მხარეს გადახტებოდი, რადგან ერთსა და იმავე ინფორმაციას შეხვდებოდი, რადგან ინფორმაცია გადაფარავს ტვინის ყველა რეგიონს და ტვინის ტოტალურ ელექტრომაგნიტურ ველს ისეთივე ერთიანობა აქვს, როგორიც ერთ ფოტონს და ერთ ელექტრონს. ეს არის ადგილი, სადაც ტვინის ყველა ინფორმაცია იყრის თავს. ამრიგად, მომივიდა აზრად, რომ ეს არის ერთიანობის პრობლემის გადაჭრის გზა.

"ცნობიერება შეიძლება, უბრალოდ, იყოს ტვინის ელექტრომაგნიტური ველი, სადაც ყველა ინფორმაცია იყრის თავს".

ამ თეორიას აქვს რამდენიმე პროგნოზი. ერთია, რომ რადგან ჩვენ ვიცით, რომ ელექტრომაგნიტური ველი გვხვდება ტალღებად, როგორც ზღვის ტალღები, ელექტრომაგნიტურ ველს აქვს ეს ტალღისმაგვარი ბუნება. ეს ნიშნავს, რომ მათ ახასიათებთ თვისება სახელად ინტერფერენცია. ანუ, თუ ერთი ტალღის პიკი თანხვდება მეორე ტალღის მინიმუმს, ისინი აუქმებენ ერთმანეთს. თუ ერთი ტალღის პიკი თანხვდება მეორე ტალღის პიკს, ისინი აძლიერებენ ერთმანეთს და ამ ორ თვისებას ინტერფერენცია ეწოდება. ერთს კონსტრუქციული ინტერფერენცია, სადაც ტალღები თანხვდება და აძლიერებს ერთმანეთს და მეორე დესტრუქციული ინტერფერენცია სადაც ერთის პიკი მეორეს მინიმუმს ხვდება და ერთმანეთს აუქმებენ. ჩვენ ვაკვირდებით ტალღის ამ თვისებებს წყალში. თუ ქვას ჩააგდებ აკვირდები, როგორ თანხვდება ტალღები ერთმანეთს და ზოგიერთ შემთხვევაში აძლიერებს ერთმანეთს, ზოგიერთში აუქმებს. ამრიგად, ეს ტალღების თვისებაა.

თუ ცნობიერება ტალღაა, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ცნობიერ ელექტრომაგნიტურ ინფორმაციას ტალღისმაგვარი მახასაიათებლები ჰქონდეს, მაგალითად უნდა ავლენდეს ინტერფერენციას. თუ ეს ასეა, უნდა ველოდოთ, რომ ნეირონების წყვილი ასინქრონულად ატარებს იმპულსებს. ნეირონებს შეუძლიათ სინქრონულად იმპულსის გატარება, სადაც ერთდროულად ატარებენ და თუ სინქრონულად ატარებენ მოქმედების პოტენციალს, ისინი ავლენენ კონსტრუქციულ ინტერფერენციას, მათი ამპლიტუდები გამრავლდება, ჯამური ველი გაცილებით დიდი იქნება, თუ ნეირონები ასინქრონულად ატარებენ იმპულსს, მათი უმრავლესობა ერთმანეთს გააუქმებს. ამან მოგვცა მკაფიო პროგნოზი ცნობიერების შესახებ. ცნობიერ ინფორმაციაში ნეირონები სინქრონულად უნდა ატარებდნენ იმპულსებს, ერთდროულად უნდა ატარებდნენ სიგნალებს და ასე წარმოქმნიდნენ ელექტრომაგნიტური ველის პულსს, რომელიც ხდება ჩვენი ცნობიერი აზრი. პროგნოზი არის, რომ ინფორმაცია, რომელსაც ვაცნობიერებთ უნდა იყოს ასოცირებული სინქრონული იმპულსების გატარებასთან. თეორიის ეს პროგნოზი დემონსტრირებულია ათეულობით ათას ექსპერიმენტში, რომ სინქრონული იმპულსების გატარება ცნობიერების საუკეთესო კორელატია. მაგალითად, როდესაც არ აცნობიერებ რაღაცას, ვთქვათ, მე ვატარებ სათვალეებს და დავკარგე და ვერ ვპოულობ. შეიძლება ვეძებდე მაგიდაზე და ვერ ვპოულობდე, მიუხედავად იმისა, რომ მაგიდაზეა. ეს ნიშნავს, რომ თუ სათვალეები მაგიდაზეა და მე მაგიდას ვუყურებ, ინფორმაცია, რომელიც არეგისტრირებს ჩემ სათვალეებს, შედის ტვინში, მაგრამ არ აცნობიერებს და შემდეგ დგება მომენტი, როცა აჰა, აი აქ ყოფილა, ამ დროს შემოდის ინფორმაცია, რომლის მიმართ არაცნობიერი იყავი ერთი მომენტის წინ.

ჩატარდა ბევრი ექსპერიმენტი, სადაც აკვირდებოდნენ, რა არის განსხვავება, ინფორმაციას შორის, რომელიც არის არაცნობიერად ტვინში და ინფორმაცია, რომელიც შემდეგ ცნობიერი ხდება. განსხვავება ისაა, რომ იგივე ინფორმაცია, რომელიც შეეხება ვთქვათ ჩემს სათვალეებს, როცა არაცნობიერია, ნეირონები ასინქრონულად ატარებენ იმპულსებს, როცა ვაცნობიერებ ისინი ერთნაირი სიხშირით ატარებენ იმპულსებს. იგივე ნეირონებია, ერთადერთი რაც ხდება ისაა, რომ ისინი სინქრონულად იწყებენ იმპულსების გატარებას და ამ დროს ინფორმაციას ავრცელებენ, როგორც ელექტრომაგნიტურ ველს და შემდეგ ვაცნობიერებთ. ამრიგად, თეორიის ეს პროგნოზი დადასტურებულია ათასობით ექსპერიმენტით.

შედარებით ახალი პროგნოზია, რომ ინფორმაცია ტვინის ელექტრომაგნიტურ ველში, რომელიც ცნობიერი გონებაა, თეორიის თანახმად, გავლენას ახდენს ნეირონებზე, რადგან მე შემიძლია ხეზე საუბარი, რადგან ჩემს გონებაშია. ამრიგად ინფორმაციას შეუძლია ნეირონების იმპულსების გატარებაზე ზემოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ არ იყო მტკიცებულება, როცა პირველად ეს თეორია გამოთქვი 20 წლის წინ, ბოლო 10 წელიწადში ბევრი მტკიცებულებები გაჩნდა, რომ ნეირონები სენსიტიურები არიან სუსტი ელექტრომაგნიტური ველის მიმართ, მაგალითად კრისტოფ კოხის ლაბორატორიაში კალიფორნიაში, სადაც აჩვენეს რომ ძალიან სუსტი ელექტრომაგნიტური ველი ცვლის ნეირონების მიერ იმპულსების გატარებას და მაიკლ ნიმანმა კიდევ ერთ ამერიკულ ლაბორატორიაში მსგავსი რამ აღმოაჩინა, სრულიად სხვა სისტემაში, მაგრამ აჩვენა, რომ სუსტ ელექტრომაგნიტულ ველს გავლენა აქვს ნეირონების მიერ იმპულსების გატარებაზე.

ამგვარად, ვღებულობთ ინფორმაციის მარყუჟზე ნეირონების მიერ იმპულსების გატარება წარმოქმნის ელექტრომაგნიტურ ველს და ახლა უკვე მკაფიოდ იმის თქმაც შეგვიძლია, რომ ძლიერი მტკიცებულებაა, რომ ეს ელექტრომაგნიტური ველის ინფორმაცია, რომელიც ტვინმა წარმოქმნა, ზემოქმედებს თავად ტვინზე, რათა აღძრას ან დათრგუნოს ნეირონების მუშაობა. სხვა სიტყვებით, მას აქვს კაუზალური გავლენა ნეირონების მოქმედებაზე. ეს არის CEMI ველის თეორიაში — ნება. რასაც ჩვენ ვუწოდებთ თავისუფალ ნებას, ესაა ტვინის ელექტრომაგნიტური ველის გავლენა ნეირონების იმპულსებზე, როდესაც რაღაცას ვაკეთებ, მაგალითად ავწიო ხელი ამ მომენტში, რასაც ცნობიერად ვაკეთებ. ეს ცნობიერი მოქმედებები, რასაც ყოველდღე ვაკეთებთ, ცნობიერად, განპირობებულია ტვინის ელექტრომაგნიტური ველით. სხვა ყველაფერი, რაც ხდება, მაგალითად, ხშირად ჩემი ხელები მოძრაობს, როდესაც ვლაპარაკობ და მე ამას ვერ ვაცნობიერებ. ასეთი რაღაცები ჩვენი ნეირონული გონებითაა განპირობებული და მეტწილად, რასაც ტვინი აკეთებს, ტვინის სადენებით ნეიროფიზიოლოგიურად ხდება ავტომატურად. მაგრამ ინფორმაციის ნაწილი, რომელიც არის ცნობიერი გონება და პასუხისმგებელია პიროვნებაზე, რომელიც ვართ, ეს არის ჩემი მტკიცებით, ტვინის ელექტრომაგნიტური ველი. ის გენერირებულია ტვინის ნეიონული იმპულსების გატარების შედეგად და ის გავლენას ახდენს ტვინის ნეირონულ აქტივობაზე. ეს არის ინფორმაციული მარყუჟი, რომელიც ცნობიერ გონებაში მოქმედებს.

რა მიმართებაა შენს თეორიასა და სტენ დაჰანის გლობალური ნეირონული სამოქმედო სივრცის (global neuronal workspace) მოდელს შორის და ასევე, ჯულიო ტონონის ინტეგრირებული ინფორმაციის თეორიასთან (integrated information theory) რა მიმართებაშია შენი თეორია?

ჩემი თეორია ინტეგრირებული ინფორმაციის თეორიის ქვესიმრავლეა. მე გამოვთქვი ვარაუდი 2000 წელს, რომ ინფორმაცია ინტეგრირდება ტვინის ელექტრომაგნიტურ ველში, შვიდი წლით ადრე, ვიდრე ტონონიმ ჩამოაყალიბებდა თავისი ინტეგრირებული ინფორმაციის თეორია. მე პირველად აღვწერე თეორია წიგნში კვანტური ევოლუცია 2000 წელს და შემდეგ წერილებში 2001-2002 წლებში, რომ ინფორმაციის ინტეგრირება ხდება ტვინის ელექტრომაგნიტურ ველში. ტონონის თეორიაშიც, ცნობიერება ინტეგრირებული ინფორმაციისგან შედგება, მაგრამ დღემდე არ არის ჩემთვის მკაფიო, თუ როგორ ხდება ეს ინტეგრაცია.

რამდენადაც ვნახე მის სტატიებში, მისი ვარაუდია მათემატიკური ინტეგრაცია, რომელიც ხდება ტვინის კავშირებში, რომელსაც აქვს გარკვეული თვისებები, რაც ნიშნავს, რომ ამ ნეირონებში ინტეგრირება ხდება და სხვებში არა. ეს არ მესმის, რადგან ტვინის ყველა ნაწილი არის დაკავშირებული დანარჩენ ნეირონებთან რაღაც გზით. უაზრობა მგონია იმის თქმა, რომ ზოგიერთი ნეირონი უფრო მეტააა დაკავშირებული სხვა ნეირონებთან, რადგან ყველა ნეირონი ტვინში დაკავშირებულია ერთმანეთთან, მთელ ტვინთან, ყველაფერი დაკავშირებულია.

ასევე, ჩემთვის ეს თეორია არ ხსნის, თუ როგორ ხდება ინფორმაციის ინტეგრაცია. ჩემი ველის თეორია ხსნის, თუ რატომ ხდება ნეირონებში ინფორმაციის ინტეგრაცია, რადგან როდესაც ხდება მისი პროეცირება ტვინის ელექტრომაგნიტურ ველში, ელექტრომაგნიტური ველი ავტომატურად აინტეგრირებს ინფორმაციას. ეს არის ის, რასაც ელექტრომაგნიტურ ველში ვგულისხმობთ და ჩვენ ამ თვისებას ახლოს ვიცნობთ. გვქონდა ანალოგური ტელევიზორი და რადიო, ყველა რადიო და ტელესიგნალი მოდიოდა, როგორც ტალღა, რომლის დაჭერაც შეგეძლო, ან მაგალითად მობილური ტელეფონი, რომელიც შეგიძლია აიღო, ოთახში ნებისმიერ ადგილას დადგე, დაიჭირო ინფორმაცია და გადმოწერო ფილმი და ვიღაცას, მეორე ოთახში, შეუძლია სხვა ფილმი გადმოწეროს. ყველა ინფორმაცია ყველგანაა, ესაა რასაც ელექტრომაგნიტური ველი აკეთებს, ინფორმაციის ინტეგრაცია, რომელიც კოდირებულია ელექტრომაგნიტურ ველში. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ახსნილია ტონონის თეორიაში, ვერ ვხედავ, სად და რატომ ხდება ამ ინფორმაციის ინტეგრაცია, მხოლოდ იმიტომ, რომ მას აქვს ნეირონული კავშირების გარკვეული დონე. ვერ ვხვდები, რატომ უნდა ინტეგრირებდეს ეს ინფორმაციას. მაინც ერთ ნეირონში იქნება გაჭედილი, ან მეორეში, ვერ ვხედავ როგორ ხდება, ტონონის თეორიის თანახმად, ინფორმაციის ფიზიკური ინტეგრირება.

დამავიწყდა, რომელ მეორე თეორიაზეც მეკითხებოდი?

სტანისლავ დაჰანის გლობალური ნეირონული სამოქმედო სივრცე.

გლობალური სამოქმედო სივრცის თეორია ამტკიცებს, რომ ტვინის ზოგიერთი ქვესიმრავლე, ტვინის ინფორმაციის, არის სამოქმედო სივრცე, რომელშიც “დაგუბებულია” (pooled) ინფორმაცია და ყველა ნეირონს შეუძლია ჰქონდეს წვდომა ამ ინფორმაციის მიმართ და შეუძლია ინფორმაციის ამოღება და დაგროვება ამ სამუშაო სივრცეში. ესაა ზუსტად, როგორც მე წარმომიდგენია, რომ ტვინის ელექტრომაგნიტური ველი მუშაობს. ეს ტვინის გლობალური სამოქმედო სივრცის მაგალითია.

განსხვავება ჩემს თეორიასა და გლობალ სამოქმედო თეორიას შორის ისაა, რომ მე ვვარაუდობ ფიზიკურ მექანიზმს მისთვის. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ვთქვა, რომ ეს არის რაღაც აბსტრაქტული, ტვინის აბსტრაქტული რეგიონი, სადაც ეს ხდება. მთელი გლობალური სამოქმედო სივრცის თეორია საკმაოდ თეორიულია, არ აქვს ფიზიკური მექანიზმი თუ როგორ გროვდება ინფორმაცია და როგორ განაპირობებს ინფორმაცია ჩვენს ნებაყოფლობით ქმედებებს. ეს თეორიულია, რომ ეს ხდება. ჩემი თეორია კი ამბობს, თუ როგორ ხდება ეს, ფიზიკური მექანიზმი რა არის. ნებისმიერი თეორია, რომელიც ამას არ აკეთებს, ხსნის ცნობიერებას მისი ფიზიკურობის გარეშე, ატომებზე, პროტონებზე, ელექტრონებზე და პროტონებზე საუბრის გარეშე, თუ როგორ მუშაობს ზუსტად და ამის ნაცვლად ამბობს, რომ ინფორმაცია გუბდება, როგორ გუბდება? ეს არის რასაც ჩემი თეორია პასუხობს. ფიზიკური მექანიზმი, რომელიც აკლია ყველა ამ ცნობიერების თეორიას, ბუნდოვან მათემატიკურ თეორიაში ტონონის, ან ფიზიკალურის უარყოფაში, სადაც ცნობიერებაზე საუბრობენ, აბსტრაქტული ტერმინებით.

შენი თეორია, ასე ვთქვათ, აერთიანებს ორივეს, ინტეგრირებული ინფორმაციის თეორიისა და გლობალური ნეირონული სამოქმედო სივრცის ასპექტებს, არა?

კი ზუსტად. ინტეგრირებული ინფორმაციის ფიზიკური სუბტრატით უზრუნველყოფა ტვინის ელექტრომაგნიტური ველის სახით ავტომატურად მოიცავს გლობალური სამოქმედო სივცრის თეორიასაც. ვინაიდან ტვინის ელექტრომაგნიტური ველი ინტეგრირებს ინფორმაციას და ეს არის, სადაც ცნობიერი გონების შესახებ ინფორმაციის ინტეგრაცია ხდება და ეს ასევე მოქმედებს, როგორც გლობალური სამოქმედო სივრცე, რომელიც ხელმისაწვდომია ტვინის სხვადასხვა წრედებისთვის, რადგან როგორც აქამდე აღვწერე, ტვინის ელექტრომაგნიტური ველის კარგი თვისება ისაა, რომ ის ყველგანაა. ყველგანაა ტვინში და მთელ ტვინს აქვს წვდომა ზუსტად ერთნაირ ამ ინფორმაციაზე. ისე, როგორც ყველას შენ სახლში ექნება წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც როუტერიდან მოდის, რომელიც მისცემს საშუალებას გადმოწეროს ფილმები, ზუმით ხალხს ესაუბროს და ა.შ.

"ელექტრომაგნიტური ველი ყველგანაა ოთახში და ტვინის ელექტრომაგნიტურ ველს იგივე ფუნქცია აქვს ტვინისთვის, იყოს ინფორმაციის აუზი, რომელიც ერთდროულად ხელმისაწვდომია ყველა ნეირონისთვის ტვინში".

ცნობიერი გამოცდილება არსებობს, როგორც ადამიანის ან ცხოველის მიერ განცდილი, სხვა სიტყვებით, მას პირველი პირის პერსპექტივა აქვს, მაგრამ ელექტრომაგნიტური ველი და ტვინი მესამე პირის ფენომენია, როგორ ხსნის თეორია ამ ნახტომს სუბიექტური პირველი პირის პერსპექტივიდან ობიექტური მესამე პირის პერსპექტივამდე?

ძალიან საინტერესო შეკითხვაა, რომელზეც დიდი ხანია ვფიქრობ. ვფიქრობ, რომ საკვანძო რამ, ველის თეორიაზე ფიქრისას ისაა, რომ უნდა გადაინაცვლო მესამე პირის პერსპექტივიდან პირველი პირის პერსპექტივაში. უნდა ჩაანაცვლო ტვინის და ელექტრომაგნიტური ველის ფიზიკური ჩარჩო. იმის ნაცვლად, რომ შენი ჩარჩო იყოს ნეირონებზე და ელექტრომაგნიტური ველზე ფიქრი, როგორც რაღაც გარეგანზე, შენ უნდა იკითხო, როგორი იქნებოდი ტვინის ელექტრომაგნიტური ველი რომ იყო. თუ ამას იზამ, უცნაური რაღაცები ხდება. მესამე პირიდან პირველ პირში გადადიხარ, ახლა შენ ხარ ტვინის ელექტრომაგნიტური ველი. რას ვიღებთ ამით? იღებ ყველა ინფორმაციას ტვინში, რომელიც იქაა, ტვინის ყველა უმცირეს წერტილში, ეს შენ ხარ და ეს არის შენი პირველი პირის პერსპექტივა. ამის უცნაურობა ისაა, რომ ეს დიდი ნახტომია და ამ ნახტომის შედეგები არ არის ბოლომდე მკაფიო ჩემთვის. იმის თქმა, რომ შენი ცნობიერება განლაგებულია ფოტონებზე, ფოტონები ელექტრომაგნიტური ველის ნაწილაკებია. ფოტონები ძალიან უცნაური რამაა, რადგან ისინი დროს არ განიცდიან. როდესაც ფოტონი გამოთავისუფლდება, ვთქვათ, მზის ზედაპირიდან, რამდენიმე წუთი შეიძლება დასჭირდეს სანამ შენ თვალზე მოხვდება, მაგრამ ფოტონის პერსპექტივიდან 0 დრო სჭირდება. ის გამოთავისუფლდება ელექტრონიდან, მზის ზედაპირიდან და შთაინთქმება შენს ბადურაზე ერთდროულად. გაიხსენე, რომ აინშტაინის კერძო ფარდობითობის თეორიაში, როცა უახლოვდები სინათლის სიჩქარეს, დრო ჩერდება, დრო იყინება, როცა სინათლის სიჩქარესთან ახლოს ხარ. სინათლის სიჩქარით შეგიძლია იმოგზაურო სამყაროს გარშემო დროის ერთ მომენტში. თუ ვიტყვით, რომ ჩვენ ვართ ფოტონი, რომელიც ერთ ნეირონში გამოიყოფა და მეორე ნეირონის მიერ აღიქმება, ისინი დროს არ განიცდიან, გამოტყორცნას და აბსორბციას შორის, ისინი ასევე დელოკალიზებულები არიან, რადგან ფოტონი რომელიც ერთ ადგილას შთაინთქა არ განსხვავდება ფოტონისგან, რომელიც სხვაგან შთაინთქა.

ამრიგად, ეს ძალიან უცნაურია და დღემდე ვერ ვუღებ ალღოს და ვერ ჩავწვდი ჩემი გონებით, რომელიც ელექტრომაგნიტური ველია, რა არის ამის შედეგები? ვფიქრობ, ამას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული შედეგები, დროის ისარზე ფიქრის კუთხით. თუ ჩვენ ფოტონები ვართ, თუ ჩვენი ცნობიერი გონება ფოტონია, თუ ტრილიონობით ფოტონია ელექტრომაგნიტურ ველში, დრო სხვანაირად აღიქმება, რადგან ვმოგზაურობთ სინათლის სიჩქარით; არამხოლოდ გონების სიჩქარით ნეირონებს შორის და ეს გაძლევს ძალიან განსხვავებულ დროის გამოცდილებას, ვიდრე ყველაფერი დანარჩენი. რაც ძალიან საინტერესო საკითხია და ჯერჯერობით ვერ ამოვხსენი. მაგრამ, თავდაპირველ კითხვას რომ დავუბრუნდეთ – მესამე პირის პერსპექტივა და პირველი პირის. აინშტაინი როცა მუშაობდა ფარდობითობის კერძო თეორიაზე, მან წარმოიდგინა, რომ ფოტონზე დახტა და სამყაროს გარშემო გადაადგილდებოდა და დასვა კითხვა — როგორი იქნებოდა სამყარო, ამას რომ აკეთებდე? მე ვთხოვ ადამიანებს, რომლებიც CEMI ველის თეორიაზე მუშაობენ, რომ იგივე გააკეთონ, მოახტნენ ფოტონს თავიანთ ტვინში. ეს არის პირველი პირის პერსპექტივა, შენ ხარ ყველა ინფორმაცია, რომელიც გენრირებულია ტვინში და შეუძლია გავლენა იქონიოს შენს ქმედებებზე. შენ ხარ ინფორმაცია, შენ ხარ ვიღაც, ვინც შთანთქავს ინფორმაციას, ცნობიერება არის ინფორმაცია, რომელიც კოდირებულია ელექტრომაგნიტურ ველში, ფოტონებში, ეს ხარ შენ, შენი პირველი პირის პერსპექტივა.

რა არის თავისუფალი ნება შენი თეორიის თანახმად?

თავისუფალი ნება არის ელექტრომაგნიტური ველის გავლენა ტვინის ნეორონებზე. პირველ რიგში განვმარტოთ რას ვგულისხმობთ თავისუფალ ნებაში და რატომაა თავისუფალი. ეს არის იდეა, რომელიც საკმაოდ დამაბნეველი ტერმინია და ვფიქრობ, რომ ფილოსოფოსები არასწორად აღიქვამდნენ ასწლეულების განმავლობაში ამ ცნებას. როცა ჩვენ ვფიქრობთ ჩვენ ნებაყოფლობით ქცევებზე, არიან თუ არა ისინი რელურად თავისუფალი? თუ მე გადავწყვეტ ავწიო ჩეემი ხელი, შენ იტყვი, რომ ეს თავისუფალი არჩევანია, მაგრამ სინამდვილეში ეს არის რაღაც, რასაც ჰქონდა წინმსწრები მიზეზი. მე ავწიე ხელი იმიტომ, რომ მინდოდა პოზიცია გამომეთქვა თავისუფალი ნების შესახებ და ეს იყო მიზეზი. მიზეზი, რატომაც მე მინდოდა პოზიციის გამოთმა თავისუფალი ნების შესახებ ისაა, რომ შენ მკითხე ამის შესახებ და ასე შემდეგ. ჩვენ გვესმის, რომ თუ ჩვენ ქმედებებზე ვფიქრობთ, ისინი არ არიან თავისუფალი, არამედ გამოწვეულები მანამდე არსებული ქმედებებით.

ამრიგად, ვფიქრობთ, რომ ნების თავისუფალი ნაწილი დამაბნეველია და უნდა ამოვიღოთ ტერმინი თავისუფალი ნება. ეს არის ქრისტიანობის და სხვა რელიგიების გავლენა, რომლებმაც მოგვცა თავისუფლება, რომ ჩვენ ვართ ეთიკურად პასუხისმგებელი ჩვენ ქმედებებზე, და უნდა დაგვესაჯა ადამიანები, რომლებიც თავისუფლად ირჩევდნენ.

"თავისუფალი ნების იდეა თავსმოხვეულია რელიგიის მიერ. რელიგიამ დაამკვიდრა თავისუფალი ნების იდეა, რადგან ქრისტიანობაში და ბევრ სხვა რელიგიაში, ისლამშიც, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ნება, რათა ღმერთმა შეძლოს ჩვენი დასჯა, თუ არასწორ არჩევანს გავაკეთებთ".

მაგრამ თუ დააკვირდები ანტიკურ ამბებს, მათ არ ჰქონდათ თავისუფალი ნება. როდესაც ძველ-ბერძნულ მითებში ოდისევსი რამეს აკეთებს, ან იბრძვიან ტროას ომში, ადამიანები არ არიან თავისუფლები აირჩიონ რა მოხდება. ასევე, მაგალითად, მითი ოიდიპოსის მამის შესახებ, რომელიც ცდილობს მოკლას თავისი შვილი, რადგან წინასწარმეტყველების თანახმად, მას მისი შვილი მოკლავდა, ამიტომ მის მოკვლას ეცდება და სადღაც წარგზავნის და არ მოკვდება და შემდეგ ოიდიპოსი ვერ იცნობს მამას და მოკლავს. ამრიგად, წინასწარმეტყველება ახდება და ეს არის რწმენა, რომელიც ადამიანებს ჰქონდათ ანტიკურ რელიგიებში. ჩვენ არ ვართ თავისუფლები, ბედისწერა ნების შესახებ ფიქრის უფრო ძველი გზაა.

კი, ჩვენ გვაქვს ქმედებები, რომლებსაც ვაკონტროლებთ, მაგრამ მათ აქვთ წინამდებარე მიზეზები. ეს არის პირველი რამ, რისი თქმაც მინდა თავისუფალი ნების შესახებ — რაც არ უნდა იყოს, ის დეტერმინისტულია. რა აზრებიც მოგვდის, წინამდებარე აზრებითაა განსაზღვრული. მაგრამ რასაც ჩვენ ვუწოდებთ ნებაყოფლობით ქმედებებს, გამორჩეულია, რადგან ჩვენ მათ შესახებ ვფიქრობთ და ისინი ცნობიერი გონებითაა გამოწვეული, არის უნებლიე რაღაცები, რასაც ვაკეთებთ, ხელების მოძრაობა როცა ვსაუბრობ, ისინი არაცნობიერია და ჩვენი ნების ნაწილი არაა, უბრალოდ ხდება და ბევრი რამ, რასაც ვაკეთებთ, მაგალითად თვალების დახამხამება არაცნობიერია, ტუჩების მოძრაობა, ენის მოძრაობა მეტყველებისას, ამაზე ფიქრი არ მიწევს. უმეტესი რამ, რასაც ტვინი აკეთებს ავტოპილოტზეა და ესაა რასაც რობოტი აკეთებს, ან მანქანა და ჩვენი ქმედებების უმეტესობა მანქანის მაგვარია.

თუმცა არსებობს ჩვენი ქმედებების ქვესიმრავლე, რომელზეც გავლენა აქვს ცნობიერ გონებას, რომელიც ტვინის ელექტრომაგნიტური ველია. ეს ელექტრომაგნიტური ველი ზემოქმედებს ნეირონებზე, ზოგიერთს თიშავს, ზოგიერთს ააქტიურებს და ეს არის, რასაც ჩვენ განვიცდით, როგორც თავისუფალ ნებას. ის არ არის თავისუფალი, დეტერმინისტულია, მაგრამ არ მგონია, რომ რეალურად ვინმე ფიქრობს, რომ მათი ნება თავისუფალია. რატომ დაურეკე შენს ძმას? იმიტომ, რომ შესაძლოა, ვიღაცას მიამსგავსე ტელევიზორში გაგახსენდა და დაურეკე შენს ძმას. ყველა ჩვენს ქმედებას წინამდებარე მიზეზები აქვს. ამიტომ, ეს თავისუფალი ნების იდეა აბნევს ადამიანებს და უნდა ამოვიღოთ თავისუფალი ნებიდან სიტყვა თავისუფალი.

"ნება არის ტვინის ელეტრომაგნიტური ველის ზემოქმედება ტვინზე, ის არ არის თავისუფალი, მაგრამ ნებაა. ის არ არის თავისუფალი ნება ლიბერტარიანული გაგებით, მაგრამ ის მაინც კაუზალურად აქტიურია".

არსებობს ცნობიერების თეორიები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ცნობიერი გონება გვაქვს, მაგრამ არაფერს აკეთებს. კაუზალური გავლენა არ აქვს. ცნობიერების ელექტრომაგნიტური ველის ერთ-ერთი თეორია წამოაყენა სიუზან პოკეტმა. მისი მტკიცებით, ცნობიერება არის ტვინის ელექტრომაგნიტური ველი, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ ელექტრომაგნიტურ ველს გავლენა აქვს ტვინზე, არამედ არის რაღაც რასაც არანაირი როლი არ აქვს. ეს არ მგონია სწორი, რადგან ერთი რამ, რაც ცნობიერების შესახებ ვიცით ისაა, რომ მას ვაცნობიერებთ, მასზე საუბარი შეგვიძლია, ცნობიერება რომ იყოს, როგორც ამბობენ, ორთქლმავლის ორთქლი, რატომ ვსაუბრობთ მის შესახებ ახლა? ჩვენს თავში იქნებოდა ჩაკეტილი და ჩვენს ქცევაზე გავლენა არ ექნებოდა, მაგრამ ცნობიერ გონებაზე დაიწერა ათასობით წიგნი, ათასობით ვებსაიტი და მილიონობით დისკუსია მსოფლიოს გარშემო, ის უნდა იყოს კაუზალურად აქტიური, თუ ცნობიერება კაუზალურად აქტიური არაა, რობოტები ვიქნებოდით და ჩვენ მასზე წიგნებს ვერ დავწერდით.

როგორ ხსნის თქვენი თეორია მეტაკოგნიციას, თვით-ცნობიერებას, უბრალო მგრძნობელობის და ფენომენალური ცნობიერებისგან განსხვავებით?

ამაზე ბევრი არ მიფიქრია, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ ერთ-ერთი შემყვანი სტიმული ტვინში, რომელიც ტვინის ელექტრომაგნიტური ველის ნაწილი ხდება, არის ტვინის აქტივობა. მას ექნება გავლენა იმაზე, თუ რაღაცის გაკეთებას ავირჩევთ და ინფორმაცია, რომელსაც ავირჩევთ იქნება ტვინის ელექტრომაგნიტური ველის ნაწილი. ანუ მეტა და მეტა მეტა მეტა და შეიძლება ჰქონდეს ბევრი შრე. ბევრი რამ, რაც ელექტრომაგნიტურ ველშია, იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობენ ჩვენი სხეულები, როგორ მუშაობს ჩვენი გონება, მეხსიერება იმის, რაც გვიკეთებია, რა შეიძლება გავაკეთოთ და არის ეს ბევრი შრე ტვინის ელექტრომაგნიტურ ველში. ანუ, იმდენად მეტა იქნება, რამდენადაც გინდა. ინფორმაციის მარყუჟები — როგორც კი წარმოქმნი მარყუჟს, შეგიძლია იმდენ წრეზე წახვიდე რამდენიც გინდა, რამდენი შრის მეტაკოგნიციაც გნებავს.

რა შეხედულებები გაქვს ტვინის ბეიზიანურ მოდელზე? საკმაოდ წარმატებული მიდოგმაა, მაგალითად მენტალური აშლილობების ახსნაში.

ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო მიდგომაა. ახალ წიგნს ვწერ, რომელსაც ჰქვია "ცხოვრება მარტივია", რომელიც არის ოკამის სამართებლის შესახებ. სიმარტივის პრინციპი. თუ გვაქვს ფენომენის ახსნის რამდენიმე ვერსია, აირჩიე უფრო მარტივი. ბეიზიანური აზროვნება მოიცავს ოკამის სამართებელს, რადგან ბეიზიანური აზროვნება ასე მუშაობს, შეხედავს ალბათობებს და მოდელებს, თუ მიუსადაგებ ბეიზიანურ აზროვნებას, ის ავტომატურად ირჩევს ყველაზე მარტივ მოდელს. წარმატება ბეიზიანური მოდელების ტვინის მუშაობის ანალიზში გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი ტვინი მსგავსად აკეთებს ამას, ირჩევს ყველაზე მარტივ მოდელებს მაგალითად აღქმაში — როდესაც ვხედავთ ფორმას, ფერს, ხაზს, ტექსტურას — ის შეიძლება იყოს ბევრი რამ და რასაც ჩვენი ტვინი აკეთებს არის ყველაზე მარტივის არჩევა. ვფიქრობ, რომ ეს ხდება მეტწილად არაცნობიერად, სავარაუდოდ ჩვენი ნეირონები აკეთებენ ამას. ხედავ ფერს, ტექსტურას, ფორმას, ეს შეიძლება იყოს ვაშლი, მაგრამ ასევე სხვა რამ, ვიღაცის სახე, რაც შედის ჩვენ გონებაში არის ვაშლი და არა ყველაფერი დანარჩენი. ვფიქრობ, ბეიზიანური აზროვნება არის მექანიზმი, რომელიც ნეირონულ დონეზე მოქმედებს, სინაფსური ტრანსმისიისა და ზოგადი ნეირონული გამოთვლის დონეზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ტვინის ნეირონული ასპექტებია უფროა, ვიდრე ელექტრომაგნიტური ველის. ბეიზიანური პროცესი არის, რაც ხდება ნეირონებში, ნეირონული გამოთვლის მექანიზმებში.

ერთი ბოლო, მოკლე კითხვა. შენ თვითერის ექაუნთის აღწერაში წერია, რომ ავტორიტარული სეკულარისტი ხარ...


რასაც ეს ნიშნავს ისაა, რომ გონება არის საუკეთესო თავდაცვა საზოგადოების ყველა სნეულებებისგან. დისკრიმინაცია, რასიზმი, რწმენები, როგორიცა ფაშიზმი, ნაციზმი, ისინი არ არის აზროვნებით და აზროვნებით მიღებული რწმენები და როდესაც ადამიანებს აქვთ აღიარებული რწმენები გონების გარეშე, ისინი უგუნურობებს სჩადიან. კარგ ადამიანს შეუძლია აკეთოს კარგი რაღაცები, ცუდ ადამიანს შეუძლია ცუდი რაღაცების კეთება, მაგრამ მხოლოდ რელიგიას შეუძლია კარგ ადამიანს ცუდი რაღაცები გააკეთებინოს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ რელიგია უნდა იყოს გამორიცხული მიზეზობრიობიდან. არ მაქვს პრობლემა ადამიანებთან, სწამდეთ ღმერთის, თუნდაც ათასი ღმერთის, მაგრამ როცა საქმე ეხება პოლიტიკის წარმოებას, სამყაროში ოპერირებას, საზოგადოების ორგანიზებას, რწმენა არ უნდა შემოვიდეს განტოლებაში. რწმენას მოაქვს დაბნეულობა, უგუნურება და კატასტროფები. რწმენა, არა მხოლოდ რელიგიური, არამედ თეორიების რწმენაც, ისეთი იდეების რწმენა, როგორიცაა ნაციზმი, რომ არსებობს სუპერრასა. ასეთი რაღაცები არ არის გონებაზე დაფუძნებული და როდესაც გადარწმუნებას ეცდები, მაინც სჯერათ. ვფიქრობ, გვჭირდება მცდარი რწმენების უგულებელყოფა, მიუხედავად იმისა, ისინი რელიგიიდან მოდის თუ ავტორიტარული იდეებიდან, როგორებიცაა კომუნიზმი, ნაციზმი, ფაშიზმი და ა.შ. უნდა უგულებელვყოთ ისინი. გამოვიყენოთ გონება სამყაროს გასაგებად და უკეთესი გავხადოთ სამყარო მათთვის, ვინც აქ ცხოვრობს და ასევე, ცხოველებისთვის და მცენარეებისთვისაც.