პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, დიალოგის ფორმატი, რომელიც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა შესთავაზეს, არ იყო კონსტრუქციული. მისი თქმით, შეუძლებელია ასეთი საკითხები ასეულობით ადამიანთან განიხილონ.

"ჩემი აპარატიდან დაუკავშირდნენ ვარლამ გოლეთიანს, ძალიან მარტივი მიზეზით — გამეცნო და რეალურად მომესმინა, რამდენად ხედავენ და არის საშუალება, რომ პარლამენტი ჩაერთოს, ამ დისკუსიაზე შეიქმნას სპეციალური ჯგუფი და რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს პოზიციების დაახლოება. ან იქნებოდა შეთანხმება მიღწეული, ან არა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ეს პროცესი ყოფილიყო საჯარო.

ის ფორმატი, რომელიც შემოგვთავაზეს, რა თქმა უნდა, არ არის კონსტრუქციულობის ჩარჩოში. ფიზიკურად შეუძლებელია ეს საკითები განხილული იქნას ასეულობით ადამიანთან. მით უმეტეს, რომ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში გქვონდა ჩვენ ეს პრაქტიკა, როცა მსგავს პრობლემურ საკითხებზე შევქმენით სამუშაო ჯგუფი და ყველა შეხვედრა ლაივში გადაიცემოდა, მათ შორის, ფესიბუქზე", — თქვა მან.

კუჭავას განცხადებით, მისი კარი "კონსტრუქციული საუბარისთვის" ყოველთვის ღიაა და თუ აქციის ორგანიზატორებისთვის დიალოგის ფორმატზე მათი შეთავაზება მისაღები იქნება, პროცესს გააგრძელებენ.

"დიდი სიამოვნებით უკვე გავაგრძელებდით სრულიად გამჭვირვალედ ამ პროცესში ყველა ჩართული მხარის მონაწილეობას, ნებისმიერი ფორმით — ლაივი იქნება ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ჩემი შეთავაზება ძალაშია", — აღნიშა კუჭავამ.

მეორე დღეა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია იმართება. 23 მაისს აქციის მონაწილეებმა ადგილზე კარვებიც გაშალეს. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე პროტესტის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე მოთხოვნები გააჟღერა და მათ შესასრულებად ხელისუფლებას 24 მაისის 12:00 საათამდე მისცა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მან დედაქალის პარალიზება დააანონსა.

მოთხოვნები, რომლებიც ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე გააჟღერა შემდეგია:

  • დატოვოს რიონის ხეობა კომპანიამ ენკამ;
  • გაწყდეს ენკასა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება და გაუქმდეს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც 2015 წლიდან დღემდეა გაცემული;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი და დადგეს არამხოლოდ ნათია თურნავას, არამედ ჰესის დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართული ადამიანებიც პასუხისმგებლობის საკითხი.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლებას შორის უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ პროტესტის დედაქალაქში გადმოტანის გადაწყვეტილება მიიღეს. მთავრობამ მათ ჰესის მშენებლობაზე ერთი წლის განმავლობაში მორატორიუმი შესთავაზა, თუმცა აქციის მონაწილეების თქმით, მოსამზადებელ სამუშაოები არ გაჩერებულა.

პროტესტის თავდაპირველი ადგილი სოფელი ნამოხვანია, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი ნამახვანჰესის მშენებლობას უწყვეტად აპროტესტებენ. მათ ადგილზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.

ისინი ამბობენ, რომ ეკოლოგიური საფრთხის გარდა, მთავრობამ მშენებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობის აქტივისტებისგან განსხვავებით, ნამახვანჰესის კასკადის აუცილებლობასა და წარმატებაზე საუბრობს ხელისუფლება. ეკონომიკის სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია, რომ ეს პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ და უსაფრთხოებისკენ ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია.

რიონის ხეობაში ჰესს კომპანია ენკა აშენებს. ENKA აცხადებს, რომ ნამახვანჰესის პროექტი დეტალურადაა შესწავლილი და რაიმე საფრთხეს მოსახლეობისთვის ან ხეობისთვის არ წარმოადგენს.

გაიგე მეტი: