ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ქართული ოცნებისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება ამნისტიის კანონპროექტის განხილვას მოჰყვა.

ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ლელოს ერთ-ერთ ლიდერს, ლევან სამუშიას მიმართა და უთხრა, რომ პარლამენტში მოქცევა თუ არ იცის, ეს არაა ადგილი, სადაც ის უნდა იყოს.

"ბატონო ლევან, თქვენ თუ თავს ვერ იკავებთ და როგორც ჩანს, ეტყობა მისამართი შეგეშალათ, სხვა გალაქტიკაში რომ ხართ, ეს ფაქტია. ამიტომ, კიდევ ერთხელ, თუ თქვენ არ იცით როგორ უნდა პარლამენტში მოქცევა, აქედან გამომდინარე, ვატყობ, რომ ნამდვილად არ არის ის ადგილი, სადაც უნდა ბრძანდებოდეთ", — თქვა ღუდუშაურმა.

სამუშიამ კი ამაზე უპასუხა, რომ მისი მოვალეობა იყო პარლამენტში ყოფნა.

"მე სადაც ვარ, საქართველოს მოქალაქე სადაც უნდა იყოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ვთვლი, ჩემი კონკრეტული მოვალეობაა აქ ვიყო, თქვენ ახლა თუ შეგცვალეს და უფრო მკაცრის დაჭერას აპირებთ, არ ვიცი...", — თქვა სამუშიამ.

ღუდუშაურმა სამუშიას მოუწოდა, რომ სახე არ დაეკარგა და მას "ნულპროცენტიანი" და "ოროსანი იურისტი" უწოდა.