ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მათ შეხვედრა შესთავაზა.

"ჩვენ დაგვიკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარე და შემოგვთავაზა შეხვედრა, მეგობრებო. არ ვიცით, ამ გამოსვლების შემდეგ მას რა აქვს სათქმელი ჩვენთვის, მაგრამ, უბრლაოდ, გვინდა, რომ ეს საკითხები ერთად გავიაროთ, ვინც აქ ვართ და ერთად გადავწყვიტოთ. ჩვენ ვუთხარით ასეთი რამ, ოღნდ ეს ყველაფერი უნდა შეთანხმებულიყო ამ შემთხვევაში ესე ერთობით. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ არანაირ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე არ ვიღებთ, ეს არის კრებითი გადაწყვეტილების საკითხი. ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ ჩართული ამ პროცესში", — განაცხადა მან.

გოლეთიანის თქმით, კუჭავას სთვაზობენ ორ ვარიანტს. პირველი ის იქნება, რომ მსვლელობით მივლენ პარლამენტის უკანა მხარეს და შეხვდნენ მას, თუ გარეთ გამოვა. მისი თქმით, პასუხისმგებლობას იღებენ, რომ მშვიდობიანად და შეძახილების გარეშე დახვდებიან პოლიციასთან ერთად.

მისივე თქმით, მეორე ვარიანტია, რომ ყველა მივა იქ, მაგრამ თუ კუჭავა გარეთ არ გამოვა, რამდენიმე ადამიანი შეხვდება მას შიგნით, მაგრამ მედიის თანდასწრებით და პირდაპირ ეთერში გაშუქებით.

"ვამბობთ, რომ მათთან არანაირ დიალოგში არ შევიდვართ, მაგრამ რადგან სურვილი გამოთქვეს, ხომ არ მივიდეთ და მოვისმინოთ, რა სათქმელი აქვთ მათ", — განაცხადა მან.

აქციის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს იმ იდეას, რომ ადგილზე მივიდნენ და კუჭავა გარეთ შეხვდეს. გოლეთიანის თქმით, ახლა პარლამენტის თავმჯდომარეს შეატყობინებენ და მის პასუხს დაელოდებიან იმის გასაგებად, არის თუ არა ამაზე თანახმა.

გუშინ, 23 მაისს აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს 12 საათამდე არ შეასრულებდა, დედაქალაქის პიკერტირებას მოახდენდნენ. რაც შეეხება ულტიმატუმის პირობებს, ისინი ითხოვენ:

  • დატოვოს რიონის ხეობა კომპანიამ ენკამ;
  • გაწყდეს ენკასა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება და გაუქმდეს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც 2015 წლიდან დღემდეა გაცემული;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი და დადგეს არამხოლოდ ნათია თურნავას, არამედ ჰესის დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართული ადამიანებიც პასუხისმგებლობის საკითხი