ჩვენ ყველას გვინახავს ფილმი, რომელიც არც თუ ისე კარგად არის გახმოვანებული. ასეთ დროს ხშირად მსახიობის პირის მოძრაობა და გამხმოვანებლის ხმა ერთმანეთს სცდება, რაც ფილმის ყურებისას დისკომფორტს ქმნის. ახლა კი გამოჩნდა deepfake-ის ახალი ტექნოლოგია, რომელიც ფილმს ისე ახმოვანებს თითქოს ის ორიგინალი იყოს.

Arstechnica-ის თანახმად, ახალი ტექნოლოგია დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტზე და გახმოვანების კუთხით რევოლუციის მოხდენა შეუძლია. ეს ტექნიკა შეიმუშავა ბრიტანულმა კომპანიამ, სახელწოდებით Flawless, რომლის თანადამფუძნებელიც რეჟისორი სკოტ მანია. მისი თქმით, ის ცუდად გახმოვანებულმა ფილმებმა დაღალეს.

"უბრალოდ მეტი აღარ შემეძლო. ფილმის გახმოვანების დროს შეიძლება ერთი სიტყვა შეცვალოთ და ამან მთელი სიუჟეტი აურიოს. ფილმების ზუსტი გახმოვანება სერიოზული პრობლემაა", — განუცხადა მან Arstechnica-ს

თუ რამდენად ხარისხიანია მსგავსი თარგმანი და როგორ მუშაობს ის, შეგიძლიათ ამ ვებსაიტზე ნახოთ, სადაც ფილმების სცენები თითქმის სრულყოფილად არის თარგმნილი. ამ გახმოვანების მოსმენისას შეგიძლიათ დაიჯეროთ, რომ მსახიობები ნამდვილად საუბრობენ ფრანგულ, გერმანულ ან იაპონურ ენებზე, მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალი ინგლისურია.

მსგავსი სრულყოფილება მაქს პლანკის ინფორმატიკის ინსტიტუტის პროფესორის, კრისტიან თეობალტის შრომის შედეგად მიიღწა.

"მალე ამას ყველა გამოიყენებს. ადამიანები მოუსმენენ ფილმს თავისთვის სასურველ ენაზე და მას ორიგინალისგან ვერც გაარჩევენ. საყვარელი მსახიობები ჩვენთვის სასურველ ენაზე ალაპარკდებიან", — ამბობს სკოტ მანი.

მანის თქმით, მათ ამ ტექნოლოგიის გამოყენებით მსახიობის პირის მოძრაობის შეცვლაც შეუძლიათ. ეს ყველაფერი გასაკვირი აღარ არის, ბოლო წლებში Deepfake ტექნოლოგიები სულ უფრო ვითარდება. მსგავსი განვითარება ბევრს აშინებს კიდევაც. სრულყოფილი თარგმანი შეიძლება ცუდ ხელშიც მოხვდეს და ადამიანებს ის დაბრალდეთ რაც მათ არასდროს უთქვამთ, ამიტომ მსგავსი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მათი ამომცნობების დახვეწაც აუცილებელია.

თუმცა ყველაფერს აქვს დადებითი მხარე და ეს კონკრეტული შემთხვევა, სადაც ჩვენთვის საყვარელი მსახიობები ჩვენს მშობლიურ ენაზე ისაუბრებენ ამის კარგი მაგალითია.