რამდენიმე წლის შემდეგ პირველად კევინ სპეისი ახალ ფილმში მიიღებს მონაწილეობას.

ეს ოსკაროსანი მსახიობი დაბალბიუჯეტიან ინდი კინოსურათში L’uomo Che Disegnò Dio ეპიზოდურ როლს შეასრულებს: ის დეტექტივს განასახიერებს.

მომავალ ფილმს იტალიელი მსახიობი ფრანკო ნერო იღებს, რომელსაც მაყურებელი ისეთ ცნობილ ფილმებში შესრულებული როლებით იცნობს, როგორებიცაა ჯანგო, კერკეტი კაკალი 2 და ჯონ ვიკი 2.

ეს პირველი როლია, რომელიც კევინ სპეისიმ 2017 წელს მის მიმართ წაყენებული რამდენიმე ბრალდების შემდეგ მიიღო: ამერიკული სილამაზის (American Beauty) ვარსკვლავი არაერთმა კაცმა, მათ შორის არასრულწლოვანების დროს, სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კევინი ჩემს ფილმში მონაწილეობას დათანხმდა. მე ის დიდებულ მსახიობად მიმაჩნია და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებთ გადაღებებს", — განაცხადა მსახიობმა და მომავალი ფილმის რეჟისორმა, ფრანკო ნერომ.

ფრანკო ნერო კვენტინ ტარანტინოს ფილმში ჯანგო.

ფოტო: Sony Pictures Releasing

კევინ სპეისი 2018 წელს გამოსულ მის ჯერჯერობით ბოლო ფილმში მილიარდერი ბიჭების კლუბი.

ფოტო: Vertical Entertainment

არაერთი პირის მიერ კევინ სპეისის დადანაშაულების შემდეგ ნეტფლიქსმა მსახიობი 2017 წელს სერიალიდან ბანქოს სახლი (House of Cards) მოხსნა. აღნიშნული ბრალდებების მიუხედავად, დღემდე სასამართლოს მსახიობისთვის გამამტყუნებელი განაჩენი არ გამოუტანია: რამდენიმე პროცესი გაიმართა მის წინააღმდეგ, თუმცა სასამართლომ ის ან უდანაშაულოდ სცნო, ან უარი თქვა განხილვაზე, ან კიდევ ბრალმდებლის გარდაცვალების გამო შეწყდა გამოძიება.

კევინ სპეისის მონაწილეობით ბოლოს 2018 წელს გამოვიდა ფილმი Billionaire Boys Club (მილიარდერი ბიჭების კლუბი), რომელსაც ასეთი პომპეზური სათაურისთვის ძალიან ცოტა — $2,7-მილიონიანი შემოსავალი ჰქონდა მხოლოდ.

ბოლო პერიოდში სპეისმა ასევე თავისი ცნობილი როლის, ფრენკ ანდერვუდის ამპლუაში შემოგვთვაზა რამდენიმე უცნაური ვიდეო.