The Queen's Gambit-ის წარმატების შემდეგ, ანია ტეილორ-ჯოი სხვადასხვა პროექტშია ჩართული და მისი კარიერა ნელ-ნელა უფრო ვითარდება. ამჯერად ის ედგარ რაითის ახალ ფილმში, Last Night in Soho ითამაშებს.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმის თიზერიდან სიუჟეტის შესახებ ბევრს ვერაფერს გავიგებთ, სხვადასხვა ინტერვიუზე დაყრდნობით გაირკვა, რომ ფილმში მოქმედება 60-იანი წლების ლონდონში ხდება. სავარაუდოდ, დროში მოგზაურობასაც უნდა ველოდოთ. ანია ტეილორ-ჯოისთან ერთად ფილმში მეთ სმიტი და თომასინ მაკკენზი მონაწილეობენ. თომასინ მაკკენზი მთავარ პერსონაჟს განასახიერებს, რომელსაც ანიას პერსონაჟთან მისტიკური კავშირი აქვს.

კადრი ფილმიდან — Last Night in Soho

ფოტო: Working Title Films

"მთავარ პერსონაჟთან ერთი საერთო თვისება მაქვს, მეც ნოსტალგიით ვარ განწყობილი იმ პერიოდის მიმართ, რომელშიც არ ვცხოვრობ", — განაცხადა რაითიმა. "როდესაც 60-იანი წლების ლონდონზე ფიქრობ, იმდროინდელი ცხოვრების სტილი შეიძლება შენს წარმოდგენებს არ შეესაბამებოდეს, მთავარი პერსონაჟის რეალობაც არაა ისეთი, როგორიც მას წარმოუდგენია. ხანდახან, სანამ რამეს ვინატრებთ, უნდა დავფიქრდეთ, გვინდა თუ არა მისი ასრულება".

კადრი ფილმიდან — Last Night in Soho

ფოტო: Working Title Films

ფილმის ჯერ კიდევ 2020 წელს დასრულდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ანია ტეილორ-ჯოისმა განაცხადა: "როცა ვუყურებ ფილმს, მის კაშკაშა ფერებს და გადაღების მანერას, ვხვდები რომ ძალიან კლაუსტროფობიურია, რეჟისორმა ძალიან კარგად იმუშავა, ვფიქრობ, რომ ხალხს ძალიან მოეწონება და კარგ დროს გაატარებენ ფილმის ყურებისას".

მან ასევე ედგარ რაითთან მუშაობის გამოცდილებაზე ისაუბრა: "მას უყვარს ფილმები, მუსიკაზე ყველაფერი იცის, არ ვიცი, როგორ იტევს ამდენ ინფორმაციას. როგორც მოცეკვავისთვის, მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო, იმიტომ რომ ყველაფრის რიტმში ჩასმა უყვარს. მართალია, ეს ფილმი არ ჰგავს ფილმს Baby Driver, სადაც მანქანის მოძრაობები მუსიკის რიტმში იყო ჩასმული, მაგრამ ფილმის გადაღებისას, მე თავად ვიცავდი რიტმს, რაც ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო".

ფილმის პრემიერა 2021 წლის 22 ოქტომბერსაა დაგეგმილი. Baby Driver-ის შემდეგ, რომელიც 2017 წელს გამოვიდა, ედგარ რაითისთვის ეს პირველი ფილმია.