მინსკის საერთაშორისო აეროპორტში ოპოზიციონერი ბელარუსი აქტივისტის დაკავებაზე ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ბელარუსის საჰაერო სივრცის არაუსაფრთხოდ გამოცხადებას ინიციატივით გამოდის. ის ტვიტერზე წერს, რომ ევროკავშირის ლიდერები სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ტერორისტულ აქტზე ევროკავშირის ლიდერები ხვალ იმსჯელებენ.

"ჩემი შეთავაზებაა, ბელარუსის საჰაერო სივრცე არაუსაფრთხოდ გამოცხადდეს, ევროკავშირის აეროპორტებმა ბელარუსული თვითმფრინავები არ მიიღონ, ჩატარდეს გამოძიება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ და რეჟიმის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დაწესდეს", — წერს ნაუსედა.

უცხოური მედიის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ტელეგრამ არხ ნექსთას თანადამფუძნებლის დასაკავებლად იმ თვითმფრინავის მინსკში დაშვება ბრძანა, სადაც ოპოზიციონერი აქტივისტი იმყოფებოდა. მედიების თანახმად, Ryainar-ის ათენი-ვილნიუსის რეისი ლუკაშენკომ გამანადგურებელი თვითმფრინავის საშუალებით შეაჩერა. Reuters-ი წერს რომ, მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, ლიტვამდე თითქმის მიაღწია, როდესაც მან მიმართულება ბელარუსის დედაქალაქისკენ შეიცვალა. სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო, თუმცა მოგვიანებით ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა.

Ryanair-მა განაცხადა, რომ ეკიპაჟს ბელარუსმა [საჰაერო კონტროლის სამსახურმა] ბორტზე უსაფრთხოების პოტენციური საფრთხის შესახებ აცნობა და უახლოესი აეროპორტის, მინსკის მიმართულებით გადამისამართება დაავალა.

პროტასევიჩის დაკავებას გამოეხმაურა ბელარუსი ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაია. მისმა მრჩეველმა ტვიტერზე დაწერა, რომ აქტივისტს ბელარუსში სიკვდილით დასჯა ემუქრება.

მედიის ინფორმაციით, ოპოზიციონერი აქტივისტი ბოლო პერიოდში ვილნიუსში ცხოვრობდა და ტიხანოვსკაიას გუნდის წევრი იყო. პროტასევიჩი ლუკაშენკოს ხელისუფლებამ ტერორისტების სიაში შეიყვანა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

აქტივისტის დაკავებაზე ლიეტუვამ ევროკავშირსა და NATO-ს რეაგირებისკენ მოუწოდა, გერმანიამ კი, მომხდარის დაუყოვნებელი განმარტება მოითხოვა.

ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ბელარუსის ქმედება "ყოვლად მიუღებელია".