მეცნიერები ამბობენ, რომ კორონავირუსის ახლადაღმოჩენილი ვარიანტი, რომელიც ადამიანს, სავარაუდოდ, ძაღლისგან გადაედო, COVID-19-ისგან განსხვავებით, ჩვენთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს. ჟურნალ Clinical Infectious Diseases-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ახალი ძაღლის კორონავირუსი აღმოაჩინეს მალაიზიელ ბავშვში, რომელიც 2018 წელს პნევმონიის გამო საავადმყოფოში მოათავსეს.

დადასტურების შემთხვევაში, New York Times-ის მიხედვით, ეს იქნება კორონავირუსის მერვე ცნობილი ვარიანტი, რომლითაც ადამიანი დაინფიცირდა და პირველი, რომელიც ადამიანს ძაღლისგან გადაედო — ასევე, კიდევ ერთი შემთხვევა იმისა, როდესაც ვირუსი ადამიანზე ცხოველიდან გადავიდა.

თუმცა, ამ საკითხის გარშემო ჯერ კიდევ ბერვი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს: მაგალითად, არ ვიცით, თუ რა საფრთხეს შეიცავს ადამიანებისთვის ძაღლის კორონავირუსი, გადაეცემა თუ არა იგი ადამიანიდან ადამიანს, COVID-19-ის მსგავსად, და ა.შ.

მეცნიერები ამბობენ, რომ მათი ეს აღმოჩენა საჭიროებს დამატებითი კვლევების ჩატარებას ნებისმიერ იმ ვირუსზე, რომელიც ადამიანს ცხოველისგან გადაედო.

"კვლევის მთავარი მესიჯი ისაა, რომ სავარაუდოდ, ასეთი შემთხვევები მთელ მსოფლიოში ხდება, განსაკუთრებით იქ, სადაც ადამიანებს ცხოველებთან ინტენსიური და მჭირდო ურთიერთობა აქვთ, ჩვენ კი ამ შემთხვევების შესახებ არაფერი ვიცით", — განუცხადა NYT-ს გრეგორი გრეიმ, დიუკის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებები ეპიდემიოლოგმა და კვლევის თანაავტორმა. "თუ ჩვენ ადრეულ ეტაპზევე შევძლებთ ამ ვირუსების ამოცნობას და იმის შესწავლას, თუ რა გავლენას ახდენენ ისინი ადამიანზე, მაშინ შეიძლება მათთან გამკლავება იქამდე შევძლოთ, სანამ ისინი პანდემიის საფრთხეს შექმნიან".

მეცნიერებმა აქამდეც იცოდნენ, რომ კორონავირუსი ძაღლების ჯანმრთელობასაც უქმნის საფრთხეს, თუმცა მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს, რომ ეს ვირუსი ძაღლებიდან ადამიანებსაც გადაედება.

კვლევის ავტორების თქმით, მათ თითქმის დანამდვილებით იციან, რომ ვირუსმა ადამიანამდე სწორედ ძაღლის ორგანიზმიდან გაიკვლია გზა, ისინი ამაში მაინც არ არიან ბოლომდე დარწმუნებულნი. მათ NYT-ს განუცხადეს, რომ შესაძლოა ეს ვირუსი ადამიანს სულ სხვა შუამავალი სახეობისგან გადაედო.

მკვლევრების თქმით, კორონავირუსის ეს ვარიანტი ადამიანებისთვის, სავარაუდოდ, დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ფიქრობენ, რომ ეს შემთხვევა ერთგვარი მოწოდებაა მოქმედებისკენ და რომ მისი უყურადღებოდა დატოვება არ შეიძლება.