გაფრთხილება: ზოგიერთი მკითხველისათვის სტატია, შესაძლოა, შეიცავდეს სენსიტიურ მასალას.

თუ ფიქრობთ, რომ საუბარი ან/და დახმარება გსურთ, მიმართეთ პროფესიონალს ან შემოგვიერთდით ფეისბუქჯგუფში — მენტალური ჯანმრთელობის ფორუმი — სადაც შეგიძლიათ, კითხვა ანონიმურადაც დასვათ.

ოპრა უინფრი და პრინც ჰარი AppleTV-ზე ახალი ერთობლივი გადაცემის წამყვანებად მოგვივლენენ. მე, რომელსაც ვერ ხედავ დოკუმენტური სერიებისგან შედგება და მისი მიზანია მენტალური ჯანმრთელობის სტიგმის დამსხვრევასა და ამ საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

გადაცემის პირველი სტუმარი ლედი გაგა იყო. მან ძალადობით გამოწვეულ ფსიქიკურ აშლილობასა და განკურნებაზე ღიად ისაუბრა.

მომღერლის შემდეგ, სექსუალურ ძალადობაზე თავად გადაცემის წამყვანმაც ილაპარაკა. ოპრას თქმით, როდესაც ის ცხრა ან ათი წლის იყო, მასზე ცხრამეტი წლის ბიძაშვილმა იძალადა.

ფოტო: AppleTV+

"მე არ ვიცოდი რას ნიშნავდა სიტყვა ძალადობა, არც ის ვიცოდი სექსი რა იყო, არ ვიცოდი ბავშვები როგორ ჩნდებოდნენ, წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა ჩემს თავს", — ამბობს წამყვანი ინტერვიუში. ოპრას აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია შეგეძლოს ასეთ ტრავმაზე ხმამაღლა საუბარი.

უინფრიმ ამ გამოცდილებაზე ერთხელ უკვე ისაუბრა 1986 წელს საკუთარ შოუში. ”ხედავთ, არ არსებობს იმაზე მეტად მძაფრი საიდუმლო, ვიდრე სექსუალური ძალადობის ფაქტის დამალვა”, — თქვა მან. ცნობილ წამყვანს იმედი აქვს, რომ მისი ისტორია დაეხმარება სხვა ქალებს, ამ თემაზე საჯაროდ ისაუბრონ.