ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 9 აპრილის შეთანხმებაში წერია, რომ სასამართლო რეფორმა უნდა განხორციელდეს 2022 წლის ზაფხულამდე და როცა საქმე ეხება დანიშვნებს, ასეთ დროს "ძალიან რთულია დაელოდო". ასე გამოეხმაურა ის დიპლომატების წერილს, რომლითაც მათ მმარველ გუნდს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეჩერდეს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების დანიშვნა.

ამავდროულად, კობახიძე აღნიშნავს, რომ "ყველაფერს გადახედავენ" და გადაწყვეტილებას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტური ფუნქციონირების სასარგებლოდ მიიღებენ.

"9 აპრილის შეთანხმება ზუსტად, ზედმიწევნით განმარტავს იმას, თუ რა არის გასაკეთებელი სასამართლო სფეროში. როდესაც საუბარია სასამართლო რეფორმაზე, მითითებულია, რომ უნდა განხორციელდეს 2022 წლის გაზაფხულის ჩათვლით. ბუნებრივია, როცა საუბარი ეხება დანიშვნებს, ძალიან რთულია, დაელოდო ერთწლიან პერიოდს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ბუნებრივია, გადავხედავთ ყველაფერს, მაგრამ გადაწყვეტილება იქნება მიღებული ისე, როგორც ეს არის საჭირო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მისი ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის", — განუცხადა მან ჟურნალისტებს.

საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი მისწერეს და შეთანხმებით აღებული პასუხისმგებლობები და ვალდებულებები შეახსენეს. კერძოდ, დიპლომატები აღნიშნავენ, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. მათი განცხადებით, ეს აჩვენებს ნამდვილ ერთგულებას მართლმსაჯულების გამჭვირვალობასა და მის მიმართ ნდობის გაზრდის საქმეში.

დიპლომატები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გაწევის საქმეში მკაცრი პირობაა მართლმსაჯულების რეფორმა. ასევე, აცხადებენ, რომ შეთანხმების სულისკვეთება დაცულად ჩაითვლება, თუ ცვლილებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების დანიშვნამდე იქნება მიღებული.

26 მაისისთვის მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია ჩაინიშნა, სადაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრს, საქართველოს საერთო სასამართლოების სადისციპლინო კოლეგიის 1 მოსამართლე წევრსა და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 5 წევრს აირჩევენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის შეჩერებას მოითხოვენ.

ამავე თემაზე: